ნინო ლომჯარია - რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროსასამართლოში ახალი სარჩელის შეტანა სწორი გადაწყვეტილებაა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროსასამართლოში ახალი სარჩელის შეტანა სწორი გადაწყვეტილებაა.
„ძალიან სწორი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება და მიმართვა სტრასბურგის სასამართლოსადმი, რადგანაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს სწორედ რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით – ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანების გატაცება და ა.შ. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სწორედ რუსეთის ფედერაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, ყველა საერთაშორისო სასამართლო, რათა საერთაშორისო არენაზე დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლებები და ინტერესები.
სახალხო დამცველისთვის იყო გარკვეულწილად ინფორმაცია ცნობილი, თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც არსებობს ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა, ეს კიდევ უფრო ამყარებს იმ გარემოებას, რომ არჩილ ტატუნაშვილი ნამდვილად დაექვემდებარა წამებასა და არასათანადო მოპყობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი – „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა. უწყების განმარტებით, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმების, მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს ფაქტები განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში, არჩილ ტატუნაშვილის წამებით მოკვლის დროს.