ნინო ლომჯარია - დაუყოვნებლივ უნდა გამოიძებნოს ალტერნატიული ფართი სახალხო დამცველის ოფისისთვის, შენობა ავარიულია
ნინო ლომჯარია - დაუყოვნებლივ უნდა გამოიძებნოს ალტერნატიული ფართი სახალხო დამცველის ოფისისთვის, შენობა ავარიულია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის ოფისისთვის გამოყოფილი შენობა ავარიულია და იქ დასაქმებული პირებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამასთან, მისი თქმით, შენობის ფართი იმდენად მცირეა, რომ მოქალაქეებთან შეხვედრის საშუალებასაც არ იძლევა.

„ექსპერტების დასკვნა არსებობს, რაც ადასტურებს რომ შენობა არის ავარიული. სახიფათოა, პირველ რიგში, იქ დასაქმებული პირებისთვის. ასევე, არის ძალინ მცირე ფართი, რაც შესაძლებლობასაც კი არ გვაძლევს, შეხვედრების ორგანიზება შევძლოთ და ხშირად გვიწევს გარე ფართის ქირაობა, იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანებს შევხვდეთ. ადაპტირება ვერ ხერხდება ამ შენობის და მისადგომადაც ძალიან რთულია მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში ადამიანთა დაცვის ინსტიტუტის სიძლიერის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია ინფრასტრუქტურა და შენობა-ნაგებობა, რომელშიც ის არის განთავსებული.

„შეიძლება ამით სახალხო დამცველის ინსტიტუტის საერთაშორისო იმიჯიც დაზიანდეს. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, დაუყოვნებლივ გამოიძებნოს ალტერნატიული ფართი იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემოში უწევდეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს მუშაობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.