ნინო ლომჯარია - დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული და უყარეთ კენჭი საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას, „ხალხის ძალამ“ შეიცვალოს სახელი და დაირქვას „ხალხის სირცხვილი“
საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციაზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
ამასთან, ლომჯარიამ მმართველ პარტიას მიმართა, რომ დაუყოვნებლივ უყარონ კენჭი კანონპროექტის გაუქმებას. ამავდროულად, ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოძრაობა „ხალხის ძალამ“ სახელწოდება უნდა შეიცვალოს.
„გუშინ ჩვენ ამ სცენაზე ვიდექით და ვამბობდით – არა რუსულ კანონს და დღეს ხელისუფლებას მოუწია, უარი ეთქვა ამ კანონზე. ეს არის თქვენი პირველი გამარჯვება. მადლობა ამისთვის. ამიტომ პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. საქმის ხალხი ვართ ჩვენ. 133 ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც მშვიდობიანად იდგნენ გუშინ აქციაზე, ვიდრე მათ წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული არალეგიტიმური ძალა, არის დაკავებული დღეს. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული. არავინ დავიშლებით, ვიდრე ბოლო მოქალაქემდე დღესვე არ იქნება თავისუფალი, ველოდებით. მეორე მოთხოვნა, რაც უკვე გაჟღერდა და გავიმეორებ – დაუყოვნებლივ უყარეთ კენჭი ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას. არცერთი დღე არ უნდა იყოს ეს რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში. დავამატებდი ასევე ჩემს პირად მოთხოვნას, შეიცვალოს სახელი „ხალხის ძალამ“ და დაირქვას „ხალხის სირცხვილი“. ხალხის ძალა ხართ თქვენ, ხალხის ძალა დგას აქ. ახლა გვეუბნებიან, თურმე აპირებენ, გაშალონ ფრონტი და იარონ საქართველოს მოქალაქეებთან, დაარწმუნონ, თურმე რა კარგია რუსული კანონი. უკეთესი პროპაგანდა უნდა ვაწარმოოთო. ვერსად ვერ მიხვალთ და სადაც მიხვალთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ტვინი გამოურეცხოთ რუსული პროპაგანდით, ყველგან დაგხვდებათ ხალხის ძალა. ქართველი ხალხის სირცხვილი ხართ თქვენ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენ მთელ მსოფლიოს და ევროპას დავანახებთ, როგორი ევროპელები ვართ და როგორ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, რომელზეც დგას ევროპული ერთობა. ამიტომ ჩვენ ვიმსახურებთ, ქართველი ხალხი იმსახურებს ადგილს ევროპაში და ჩვენ დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს ევროპაში, წარმატებები, გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.