სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა.
როგორც ნინო ლომჯარიამ გაფიცულებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატი სამუშაო რეჟიმის სამართლიანობისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებს შეისწავლის.
„წლევანდელი ადამიანის უფლებათა ანგარიშშიც ვსაუბრობთ ჭიათურაში არსებულ ძალიან მძიმე ეკოლოგიურ და შრომით პირობებზე. დღეს ჩამოვედი პირადად რომ შევხვედროდი გაფიცულებს. ჩვენ მანდატი სრულად არ გვაქვს ყველა იმ საკითხზე, რაზეც არის საუბარი. თუმცა არის საკითხები, რასაც სახალხო დამცველი მიაქცევს ყურადღებას. ჩვენ შევისწავლეთ მათი სამუშაო საათების და სამუშაო რეჟიმის სამართლიანობას და კანონიერებას, რადგან დღეს რაც მოვისმინე – 12-საათიანი რეჟიმი, ვფიქრობ, ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით აღიარებულ ვადებს. მათ უწევთ ძალიან მძიმე ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში მუშაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავინტერესდებით შრომის უსაფრთხოების საკითხებით. მოვისმინე, რომ კვებითი უზრუნველყოფა არის სავალალო მდგომარეობაში. საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად კომპანია, თუმცა ამ საკითხსაც შევისწავლით და გარდა ამისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით არის მძიმე ვითარება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს” რამდენიმე მილიონიანი ჯარიმა აქვს დაკისრებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
„თუმცა, რამდენადაც ვიცი ეს ჯარიმები არ ყოფილა გადახდილი. შევისწავლით რამდენად ასრულებს კომპანიას მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. თუ გაფიცულებს ექნებათ სურვილი, მაქსიმალურად გავუწევთ ზედამხედველობას იმ კომუნიკაციას, რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ იმ ადამიანებთან და კომპანიასთან, ვის მიმართაც აქვთ პრეტენზიები. გაფიცულები აცხადებენ, რომ კომპანიას უარს ამბობს, მათ მიერ უკვე გაწეული თანხის ანაზღაურებაზე და ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდებით”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მაღაროელთა პროტესტი ჭიათურაში უკვე მერვე დღეა მიმდინარეობს. ზოგიერთმა გაფიცულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
გაფიცულებს ოთხი მთავარი მოთხოვნა აქვთ: ხელფასის 50 პროცენტიანი ზრდა, კვების პირობების გაუმჯობესება, დაზღვევის პირობების გაუმჯობესება და მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების ქალაქში სიარულის აკრძალვა.