ნინო ლომჯარია - არასრულწლოვნებს შორის ძალადობის საქმეების შესწავლა პრიორიტეტი იქნება
რიგით მეხუთე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საქმიანობის პრიორიტეტები ბავშვთა და სოციალური უფლებები, ასევე ჯანსაღი სამუშაო გარემო იქნება, – ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პირველ სამუშაო დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ლომჯარიას თქმით, მისთვის პრიორიტეტი იქნება ყველა იმ საქმის შესწავლა, რომელიც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან.
„მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი დიდი ხანია, ბავშვთა უფლებებზე მუშაობს, 51-ე სკოლაში მომხდარმა ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით არის სკოლაში, ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი საქმე რითაც დავინტერესდები იქნება ეს საქმე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, აპირებს, გააძლიეროს რეგიონალური ოფისების საქმიანობა და ღირსეული სამუშაო პირობები შექმნას თანამშრომლებისთვის.
„პირველ რიგში, ვაპირებ გავიცნო თანამშრომლები, როგორც ცენტრალურ ოფისში, ასევე რეგიონალურ ოფისებში. რაც შეეხება პრიორიტეტებს, რა თქმა უნდა, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან ერთად ჩემთვის პრიორიტეტი იქნება ასევე სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ვაპირებ, განსაკუთრებით გავაძლიერო ბავშვთა უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობა. ასევე ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა. ვაპირებ, ვიმუშაო სახალხო დამცველის საქმიანობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, მათ შორის, ჯანსაღ გარემოში მუშაობის უფლებასთან მიმართებით. დასაქმებულთა უფლებები, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი პრიორიტეტი, სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება.
ვაპირებ, გავაძლიერო რეგიონალური ოფისების საქმიანობა, ასევე თავად აპარატისთვის შევქმნა ღირსეული სამუშაო პირობები. ეს შენობა, სადაც ვიმყოფებით, არის ავარიული და, რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ შრომით უფლებებზე, პირველ რიგში, ვაპირებ, დავიცვა სახალხო დამცველის აპარატში მომუშავე პირთა შრომითი უფლებები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ახალმა სახალხო დამცვლემა 51 სკოლაში მომხდარ ფაქტზეც გააკეთა კომენტარი