ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების გარკვეულ ფარგლებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის შენობასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ზოგადად ვითარება ნამდვილად დაძაბულია და გარკვეულ შემთხვევებში კიდევ მწვავდება. მნიშვნელოვანია, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცველების მათი მხრიდან არ იყოს ისეთი ქმედებები, რომლებიც შესაძლოა, ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადავიდეს. გუშინ საუბარი იყო კარვების გაშლასთან დაკავშირებით, რაზეც სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა, რომ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით, გამოხატვის შესახებ კანონმდებლობა არ კრძალავს და არ ზღუდავს კარვების გაშლას ისეთ ადგილებში, სადაც ტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემას არ უქმნის, ასევე არ ბლოკავს შენობების შესასვლელებს. შესაბამისად, მშვიდობიან აქციაზე კარვების გაშლა დასაშვებია. ვფიქრობთ, რომ ამის შეზღუდვა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ფაქტს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც ლომჯარიამ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატმა სამართალდამცველების მიერ ზაზა სარალიძის მანქანის გაჩხრეკვის ფაქტის შესწავლა დაიწყო, რისთვისაც შსს-ს მიმართა.
„მინდა გამოვეხმაურო მეორე შემთხვევას, რაც ვფიქრობ, სამართლებრივი თვალსაზრისით კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა იყო. გავრცელდა ვიდეოკადრები, რა დროსაც პოლიცია ახდენს ავტომობილიდან გარკვეული ნივთების ამოღებასა და ჩამორთმევას. ვფიქრობთ, აქ ადგილი აქვს პირად სივრცეში შეჭრას და ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც სამართლებრივი საფუძვლები და განმარტებები, რა საპროცესო ქმედებები განახორციელა ამ შემთხვევაში პოლიციამ. დავიწყეთ ამ ფაქტის შესწავლა. მივმართეთ შსს-ს, თუმცა პირველადი შეფასებით, ვფიქრობთ, იკვეთება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტები. ჩვენ დაველოდებით შსს-დან ოფიციალურ განმარტებას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გუშინ ორი ადამიანი დააკავეს. აქციას მართავდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.