ნინო ლომჯარია - ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს ვგმობ
ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს ვგმობ, – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მინდა დავგმო დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი. არავითარი „მაგრამ“ არ უნდა არსებობდეს მსგავსი შემთხვევების შეფასების დროს, როდესაც საქმე საჯარო პირების ოჯახის წევრებს, მით უმეტეს მცირეწლოვნებს ეხება და მისასალმებელია, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს. პოლიტიკური პოლარიზების მიუხედავად, ჩვენ უნდა დავრჩეთ ადამიანებად და საზოგადოებად“, – აცხადებს ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი ბაკურიანში 14 იანვარს მოხდა. ანრი ოხანაშვილმა ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე დღეს მედიასთან ისაუბრა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ამასთან, ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე ვახტანგ რობაქიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა.