ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ვიზიტებს, თანამშრომლობის ამ ფორმას არ გამორიცხავს
„საქართველოს ეროვნული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო.
ლომჯარიას თქმით, იმპიჩმენტის პროცესის ჩავარდნის შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო იყო.
„მოწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ. დღის წესრიგი და თემატიკა წინასწარ არ იყო ცნობილი. იმპიჩმენტის პროცესის ჩავარდნის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო იყო მასთან შეხვედრა. ასევე, გვიახლოვდება მნიშვნელოვანი თარიღი. დაახლოებით, 8 ნოემბრისთვის გვეცოდინება ევროკომისიის შეფასება და დასკვნა 12 პუნქტის შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით. დეკემბრის შუა რიცხვისთვის კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს საკითხი იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემა. რა მოლოდინები გვაქვს, რა ინფორმაციებია, რა შეიძლება, მოხდეს და რა შეგვიძლია ჩვენ, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, გავაკეთოთ, რათა ამ პროცესში მხარი დავუჭიროთ საქართველოს შესაძლებლობებს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
კითხვაზე, იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილთან კოორდინირებული მოქმედება და შესაძლებელია თუ არა, განხორციელდეს ერთობლივი ვიზიტი საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, ლომჯარიამ განაცხადა, რომ თანამშრომლობის ამ ფორმასაც არ გამორიცხავს.
„ვისაუბრეთ, და მეც ვიზიარებ ამ პოზიციას, რომ დგება მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ამ საკითხზე მეტი კოორდინაცია თუ ძალების გაერთიანებაა საჭირო. ვფიქრობ, ეს პროცესს მხოლოდ წაადგება. არ გამოვრიცხავ, თუმცა კონკრეტულ გეგმებზე არ გვისაუბრია. სამომავლოდ ალბათ გვექნება შესაძლებლობა. პრეზიდენტიც გააკეთებს განცხადებას თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, შეიძლება, ეს იყოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, დღევანდელი შეხვედრიდან არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი საკუთარი სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმების გადახედვას აპირებდეს.
„არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი შეშინებულია ან ფიქრობს, რომ შესაცვლელი აქვს თავისი მოქმედების სტრატეგია. პრეზიდენტი აპირებს განცხადების გაკეთებას თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის სამომავლოდ აპირებდეს საკუთარი სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმების გადახედვას, პირიქით, მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით საჭიროა ჩვენი გააქტიურება“, – განაცხადა ლომჯარიამ.