საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში უპასუხა „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ომბუდსმენის კონსტიტუციურ სარჩელს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საკუთრების გარშემო არსებული ტერიტორიის მინიჭების თაობაზე.
ნინო ლომჯარიას თქმით, სარჩელში იყო გაპარული შეცდომა, შეცდომით იყო მოყვანილი კონკრეტული მაგალითი, თუმცა როგორც ლომჯარია ამბობს, ამას სასარჩელო მოთხოვნასა და პოზიციებზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველს კონკრეტული დაზარალებულები არ სჭირდება, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვოს.
„სარჩელში იყო გაპარული შეცდომა. კონკრეტული მაგალითი იყო მოყვანილი, რომელიც იყო შეცდომა, შეცდომით მოყვანილი, რაც ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ. ხდება ასეთი რამ. ამ შეცდომას არანაირი ზეგავლენა არ აქვს სასარჩელო მოთხოვნასა და ჩვენს პოზიციებზე, რადგან სახალხო დმაცველს კონკრეტული დაზარალებულები არ სჭირდება, რომ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მანამდე, პარლამენტში ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ სახალხო დამცველმა სარჩელი შეიტანა არა საპატრიარქოს, არამედ პარლამენტის წინააღმდეგ და საქმეში მოპასუხე მხარე საქართველოს პარლამენტია.
„დეპუტატებმა ისე წარმოაჩინეს, თითქოს სახალხო დამცველი სარჩელით ებრძვის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ასევე, განმარტებას გავაკეთებდი იმაზე, რომ არასწორად ითქვა, თითქოს სახალხო დამცველმა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. ეს სამართლებრივად არასწორია, რადგან სარჩელი შეტანილ იქნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და გავასაჩივრეთ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. შესაბამისად, მეორე მხარე, ამ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე საქმეში არის საქართველოს პარლამენტი“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას თქმით, ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველს აქვს მანდატი, საქმე წაიღოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული.
„ასევე განგიმარტავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე წლის წინ აქვს ანალოგიურ საქმეებზე ორი გადაწყვეტილება მიღებული. ორივე საქმე დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი პრაქტიკით უკვე თქვა, რომ მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აძლევს უპირატესობებსა და პრივილეგიებს საგადასახადო თუ პრივატიზების საკითხების მიმართულებით და ამ შესაძლებლობით სარგებლობა არ შეუძლია სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, არის არაკონსტიტუციური. შესაბამისად, რამდენიმე ნორმის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს ანალოგიურ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები.
რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული მაგალითი მოიყვანეთ, თითქოს ამ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, საქართველოს სახალხო დამცველს ორგანული კანონის თანახმად, აქვს უნიკალური მანდატი, საქმე წაიღოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არსებობს დაზარალებული. ანუ, ჩვენ შეგვიძლია, ნორმატიული აქტი გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში, თუკი მიგვაჩნია, რომ ეს ნორმატიული აქტი არღვევს ადამიანის უფლებებს.
ეს არის რელიგიური ორგანიზაციების თანასწორუფლებიანობის საკითხი, რაც აწუხებს ბევრ რელიგიურ ორგანიზაციას. მაგალითად, არსებობს საკითხები, რაზეც არიან დაზარალებულები. მათ სურთ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა, მაგრამ ჩვენ გვთხოვენ, შევიტანოთ, რადგან ეშინიათ შემდეგში თავდასხმების, დისკრედიტაციის და ასე შემდეგ, რაც შეიძლება მოყვე ისეთი საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას, რაც მაგალითად, შესაძლოა, არ იყოს მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერესებში. ამიტომ, სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური მანდატი, წავიღოთ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ მიგვაჩნია, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები. ამ შემთხვევაშიც, მივიჩნიეთ, რომ თანასწორუფლებიანობა, რომელიც სწორედ კონსტიტუციით არის ამ ქვეყანაში გარანტირებული, ირღვეოდა კონკრეტული ნორმატიული აქტით. ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ზოგადად, ჩემი სახალხო დამცველობის პერიოდში ჩვენ მოვამზადეთ იმაზე მეტი საკონსტიტუციო სარჩელი, ვიდრე თუნდაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ინსტიტუტს მოუმზადებია. ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ საქართველოს პარლამენტი თურმე ასე ყურადღებით აკვირდება ჩვენ მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელებს, მათ შორის განხილვის პროცესზეც ასე დეტალურად არის ინფორმირებული, თუმცა, ცოტა უცნაურია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახან დაიწყო ამ სარჩელის განხილვა, მაშინ, როდესაც ათობით სარჩელი გვაქვს წარდგენილი გაცილებით ადრე და შეძლება, უფრო მნიშვნელოვანიც უფლებადარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით. რატომღაც ამ სარჩელების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ დაუწყია. საზოგადოებამ შეიძლება, ამ ყველაფრიდან გარკვეული დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტის ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს, რადგან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება, გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და ასევე – საქართველოს „ტყის კოდექსით“ განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.
აღნიშნული ცვლილებები სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის მიხედვით, ომბუსდსმენი მართლმადიდებელ ეკლესიას ტაძრების მიმდებარე მიწის ნაკვთების მფლობელობას ედავება. როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, ეკლესიისთვის მიმდებარე ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია.