ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების აქციას დააკვირდებიან
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაანონსებულ აქციას მისი წარმომადგენლები დააკვირდებიან.
„ამ შემთხვევაშიც, როგორც სხვა ყველა დანარჩენი აქციის დროს ვიქნებით დამკვირვებლების სტატუსით. ბუნებრივია, როცა მასობრივი მსვლელობები და აქციებია, სახალხო დამცველის წარმომადგენლები იქ არიან, რათა დააკვირდნენ პროცესებს, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლება, მშვიდობიანად გამოხატოს პროტესტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით დამკვირვებლის სტატუსით და ყველა მოქალაქეს და პარტიას მივმართავთ, რომ უფლებების დარღვევის შემთხვევაში, სახალხო დამცველის ოფის მიმართონ“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი არჩევნების პერიოდში შესაძლო ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს სწავლობს, დასკვნებს კი პარლამენტს ანგარიშის სახით წარუდგენს.
„სახალხო დამცველი დამკვირვებლის სტატუსით არ აკვირდებოდა წინასაარჩევნო პროცესს, თუმცა რა თქმა უნდა, გვქონდა რეაგირება ინდივიდუალურ ინციდენტებზე. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა ძალადობას, თავდასხმას და სხვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციებს ზეწოლის, მოსყიდვისა და ძალადობის შემთხვევების თაობაზე და ამ დროისთვის, სახალხო დამცველი ამოწმებს, სწავლობს პირველწყაროებთან და შესაბამის შეფასებებს უკვე ადამიანის უფლებების წლიურ ანგარიშში, წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.