ნინო ლაცაბიძემ 2022-2023 წლებში რუსთავში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა
რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა 2022-2023 წლებში რუსთავში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინეს.
,,ორი წელი რუსთავის ახალი განვითარებისთვის“, – ამ შინაარსის იყო პრეზენტაცია, რომელიც, როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ორი წლის განმავლობაში რუსთავის მერიისა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერით დანერგილ პოზიტიურ სიახლეებს ასახავს.
პრეზენტაცია რუსთავის მერმა მოსახლეობას გუნდთან ერთად წარუდგინა.
როგორც მერმა აღნიშნა, 2022-2023 წლებში რუსთავში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი 400 სხვადასხვა ლოკაციაზეა დასრულებული.
მისივე ინფორმაციით, 170 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენდა ახალი რეკრეაცია, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიქმნა რუსთავის ჭალის ტყის განვითარების სტრატეგია და 18 მოქმედი საწარმოდან 14 გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის შესაბამის სტანდარტებზეა გადასული.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, რუსთავის მერიის სოციალური ბიუჯეტით ორ წელიწადში 118 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, გატარდა მუნიციპალური სერვისების რეფორმა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ საჯარო სკოლას, პრემიერ-მინისტრის პროგრამის ფარგლებში დაწყებულია ორი სკოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი ბაღების მშენებლობა. დასასრულს უახლოვდება განახლებული რეგიონების პროექტის – მეგობრობის გამზირის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი და სპორტის სასახლის მშენებლობა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, მოეწყო ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა. მათივე ინფორმაციით, ორ წელიწადში რუსთავში განხორციელებულმა ინვესტიციამ 155 000 000 ლარს მიაღწია.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პოზიტიურია 2024 წლის პროგნოზიც. რუსთავის მერიამ ქალაქის საკრებულოს, წლევანდელთან შედარებით, 25 მილიონი ლარით გაზრდილი სასტარტო ბიუჯეტის პროექტი უკვე წარუდგინა განსახილველად.