ნინო ლაცაბიძე - ვიმედოვნებთ, საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი ახლა მაინც გვერდზე გადადებს პოლიტიკურ ამბიციებს და რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტს ხელოვნური ბარიერების გარეშე დაამტკიცებს
რუსთავის მერიამ საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. როგორ დღევანდელ ბრიფინგზე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, იმედი აქვს, საკრებულოს უმრავლესობა ბიუჯეტის განხილვის დროს ხელოვნურ ბარიერებს არ შექმნის.
როგორც აღინიშნა, 2022 წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი თანხა რუსთავში 6 მილიონ 167 ათას 700 ლარით მეტი იქნება და 87 367 700 ლარს შეადგენს.
ნინო ლაცაბიძის განმარტებით, რუსთავის ბიუჯეტი ქალაქის საჭიროებებს პასუხობს.
„დატვირთული და რთული სამუშაო პროცესის შემდეგ, როგორც მერიის გუნდში, ისე მოსახლეობასთან კონსულტაციებზე დაყრდნობით, კანონის მოთხოვნის შესაბამისად და ვადების დაცვით, 2023 წლის ბიუჯეტი უკვე წარვადგინეთ რუსთავის საკრებულოში. ბიუჯეტს პოზიტიურად ვიწყებთ და 87 367 700 ლარითაა განსაზღვრული. ჩვენ გვაქვს მაგალითი, როგორ გავზარდეთ რამდენჯერმე 2022 წელს ბიუჯეტი და ანალოგიურად, საგადასახადო შემოსავლების დაზუსტების შემდეგ, ბიუჯეტის ზრდას ველოდებით 2023 წლის პირველ კვარტალშივე, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი პროექტი განვახორციელოთ რუსთავში. ტენდენცია შენარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში.
რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი მზად არის, ახლა ჯერი საკრებულოზეა. თქვენ იცით იმ არცთუ ისე ჯანსაღი სიტუაციის შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იყო რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოში და რომელმაც გასულ კვირაში კულმინაციას მიაღწია. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ საკრებულოს უმრავლესობა და ოპოზიციური ნაწილი, თავმჯდომარესთან ერთად, რომლებსაც არც ერთი საქმიანი ინიციატივით არ მოუმართავთ მთელი წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ახალი შტატების დამატების და ხელფასის ზრდის მოთხოვნას, ახლა მაინც გვერდზე გადადებენ პოლიტიკურ ამბიციებს, შეწყვეტენ თანამშრომლების დისკრიმინაციას, გაითვალისწინებენ ქალაქის საუკეთესო ინტერესებს და რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტს ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გარეშე დაამტკიცებენ“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.