ნინო ლაცაბიძე - ვაგრძელებთ ბრძოლას რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის, დარწმუნებული ვართ, მეორე ტურში მაქსიმალური მობილიზაციით შევძლებთ, გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ
„ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ბრძოლისთვის მზად არის.
ლაცაბიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების დესტრუქციული ქმედების მიუხედავად, გუნდმა კარგი შედეგი დადო და იმედი აქვს, მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„პარტიამ და ჩვენმა გუნდმა მთელი სარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქალაქში ყოფილიყო მშვიდობა, მშვიდი გარემო, საქმიანი და რუსთავის განვითარებისთვის აუცილებელ გეგმებზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია. ოპოზიციური პარტიების უპრეცედენტო დესტრუქციის მიუხედავად, ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგი დავდეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობებისთვის. დარწმუნებული ვართ, მეორე ტურში ერთად დგომით და მაქსიმალური მობილიზაციით ჩვენ შევძლებთ, ჩვენი გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. კარგად ვიცნობ რუსთაველებს, ვიცი, რომ მათ სურთ განვითარება და არა მისი შეჩერება. ნებისმიერი განხვავებულობის მიუხედავად, ჩვენ, ყველას ხვალინდელი, უკეთესი დღის სურვილი გვაერთიანებს ამ ქალაქში ჩვენი შვილებისთვის.
რუსთავი უნდა გახდეს ეკონომიკურად უფრო ძლიერი, მიმზიდველი და თითოეულ რუსთაველს უნდა გვეამაყებოდეს, რომ ვცხოვრობთ ამ ქალაქში. არც ერთ ჩვენგანს არც დაგვიშვია და არც დავუშვებთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შემოიტანოს ამ ქალაქში დესტრუქცია, სიძულვილი და ძალადობა. ჩვენი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავუშვათ ეს ჩვენს ქალაქში. ვაგრძელებთ ბრძოლას ყველანი ერთად. მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ჩემი გუნდის წევრებს, ვინც ერთად ვიყავით ჩართული სარჩევნო პროცესში, ძალიან ღირსეული კამპანიისთვის, გამძლეობისთვის და ერთგულებისთვის. ჩემთვის მეათეხარისხოვანია პოლიტიკა, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ქალაქზე. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის გადაწყვეტილებას და არჩევანს, მე ვიქნები ყველას მერი და ჩვენ ერთად შევძლებთ, ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე და ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ, რომელმაც გუნდთან ერთად ბრიფინგი გამართა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერების არჩევნების მეორე ტური 64-დან 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. დანარჩენ 44 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ.
ამ დროის მონაცემებით, მათ შორის მეორე ტური გაიმართება რუსთავში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს 44.92 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 43.81 პროცენტი.