ნინო ლაცაბიძე - ქალაქის საერთო საკითხებში კერძო ინტერესების გატარებას ვემიჯნებით
მთელი გუნდი ვემიჯნებით, რომ ქალაქის საერთო საკითხებში კერძო ინტერესები იყოს გატარებული, ეს ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ნინო ლაცაბიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ნინო ლაცაბიძემ ისაუბრა ასევე მერის გადაწყვეტილებაზე, რომ ოჯახის წევრებისადმი მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.
„შიდა მოკვლევის საფუძველზე გამოიკვეთა რიგი დარღვევები და მერმა მიზანშეწონილად ჩათვალა, ეს ადამიანები სამსახურებს ჩამოსცილებოდნენ, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომისიური განხილვები გვქონდა და ჩვენს გუნდშიც იყო მოსაზრება, რომ სამსახურიდან დათხოვილი ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც ექსპერტიზაზე უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა გათავისუფლებულ პირებს შორის თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ნუგზარ ჭეიშვილი, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ ჯერ, ამ თემასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს იტყვის.
თბილისის საკრებულოს წევრმა ასევე აღნიშნა, რომ მერიაში დასაქმებულთა სტანდარტი და მუშაობის წესი ძალიან განვითარდა, წინ წავიდა და ამ მიმართულებით ბევრად უკეთესი შედეგებია, ვიდრე – ადრე.
ნინო ლაცაბიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრს, მაია დათუკიშვილსაც უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მერიაში ნეპოტიზმია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, 2008 წლიდან თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის კონსულტანტად ვმუშაობდი და ნეპოტიზმის ძალიან კონკრეტული მაგალითები მახსოვს. იმ დროს მერიაში ნეპოტიზმი მძვინვარებდა, ეს პოზიცია ყველაზე მარტივად მისაღწევი იყო და ამაზე მაღალი პოზიციების დაკავება მხოლოდ ნეპოტიზმით იყო შესაძლებელი“, – განაცხადა ლაცაბიძემ.