ნინო ლაცაბიძე - ოპოზიციური გაერთიანების მავნებლურ ინტერესებს ეწირება დღეს რუსთავის ინტერესები, უკვე მეორე წელია, გვიწევს ხელოვნური ბარიერების გადალახვა საჭირო პროექტების დასამტკიცებლად
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ოპოზიციურ გაერთიანებას რუსთავის განვითარების შეფერხებაში ადანაშაულებს. ქალაქის მერი აცხადებს, რომ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ამჯერად ქალაქში 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება ჩერდება.
„ოპოზიციური გაერთიანება, რომლის მავნებლურ პოლიტიკურ ინტერესებსაც ეწირება დღეს რუსთავის ინტერესები, უკვე ორი წელია, მხოლოდ საკრებულოს თანამშრომლების პოლიტიკური დევნით, რეგლამენტის დარღვევით და სოციალიურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული, ნაცვლად საქმის კეთებისა. რუსთაველებს ახსოვთ, რამხელა ძალისხმევა დაგვჭირდა რუსთავის მერიის გუნდს და საკრებულოს ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, რომ რუსთავი 2023 წელს დამტკიცებული ბიუჯეტით შეხვედროდა. უკვე მეორე წელია, მერიის გუნდს გვიწევს ხელოვნური ბარიერების გადალახვა ნებისმიერი ახალი სოციალური პრობლემის თუ ქალაქის ეკონომიკური წინსვლისთვის საჭირო პროექტების დასამტკიცებლად. მივმართავ უშუალოდ საკრებულოს თავმჯდომარეს, აიღოს პასუხისმგებლობა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინაშე, თუნდაც იმის, რომელსაც თავად წარმოადგენს, არამედ ქალაქის წინაშე. ყველა ის საკითხი, რომელიც გაჩერებულია უკვე თვეებია და არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რატომ იბლოკება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თემები, შეიტანოს პირდაპირ სხდომაზე განსახილველად“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ალეკო ბერიძემ უპასუხა.
„მაისის თვეშია შემოტანილი პროექტები და ვადებში ამის განხილვა ჩვეულებრივად ხერხდება, ვიხილავთ კიდეც ამ საკითხებს. არის შეკითხვები მერიასთან, რომელმაც უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომ საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება მივიღოთ. სექტემბერში იქნება ეს საკითხები განხილული. იმის გამო, რომ ქვორუმი არ იყო, რამდენიმე კომისია ვერ შედგა ამ თვეში. სხვა კომისიებშიც პრობლემა გვქონდა. ახლაც ქვორუმის პრობლემა გვქონდა. მაგალითად, ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლები საერთოდ არ გამოცხადდენ კომისიაზე და ქვორუმი ვერ შედგა. თუ ქვორუმი არ შედგება და ხელოვნურად ჩაიშლება, ვერაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ალეკო ბერიძემ.