ნინო კობახიძე - რუსეთი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ სჯობს მაქსიმალურად გადავერთოთ ახალი ბაზრების დასაპყრობად
იყოს რუსეთი, მაგრამ რომ ამოვარდეს, წინ უნდა გვედოს გეგმა, რას ვაკეთებთ, – ამის შესახებ „ბიზნესლიდერთა ფედერაცია – ქალები მომავლისთვის“ ბორდის თავმჯდომარემ, ნინო კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ყველაზე მთავარი რისკი მმართველობითი სტრატეგიის არარსებობაა. ყველამ ერთად უნდა შევქმნათ სტრატეგია, როგორ მოვახდინოთ დივერსიფიცირება და გადავიდეთ იმ ბაზრებზე, სადაც რეალურად არის საშუალებაც, მოთხოვნაც და, სადაც ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებას შევქმნით. მთავრობამ უნდა მოუსმინოს ბიზნესს ამ ნაწილში. საქართველოსთან მიმართებაში და ზოგადად, რუსეთი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ ამ სტრატეგიების გათვლას სჯობს, ის დავტოვოთ, როგორც არის და მაქსიმალურად გადავერთოთ ახალი, დივერსიფიცირებული ბაზრების დასაპყრობად, ან პირიქით, ამ ქვეყანაში შემოსაყვანად“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, წარმოუდგენელია იმის შეუფასებლობა და დავიწყება, რომ მთავრობამ პირობები შექმნა – ბიზნესისთვის ევროკავშირსა და ჩინეთში ბაზარი გახსნა და საქართველოს მსგავს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება აქვს, რაც ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის შემდგომ გამოყენება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური გადაწყვეტილებები უფრო პოლიტიკურ ნაწილში უნდა გადავიტანოთ, ბიზნესი კი, უფრო ასეთ კითხვებს დასვამს – რა ურთიერთობები გვექნება რუსეთთან წელს და რა ტიპის ბიზნესის დაგეგმვა შეიძლება მათთან, ან მათ გარეშე.
„ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ბიზნესს აქვს. დარწმუნებული ვარ, ღვინის ექსპორტიორებიც დაიწყებენ სხვადასხვა ბაზრებზე აქტიურ გასვლებს და ტურისტული ნაკადებიც უფრო მეტად შევიწროვდება, მაგრამ ყველაზე კრიტიკული ის არის, რომ სტრატეგიულად არ ვიცით, გრძელ ვადაში რას ვიზამთ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, გონიერი მენეჯმენტის და გონიერი მმართველობითი რეჟიმების ძალიან დიდი აქტივი იქნება, ბიზნესს სწორად მიეწოდოს მათი სტრატეგიული პოლიტიკა ევროპულ, დასავლურ, თუ ჩრდილოეთის ბაზრებთან მიმართებაში.
„ბიზნესლიდერთა ფედერაცია – ქალები მომავლისთვის“ ბორდის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ბიზნესმენები, ვისაც უფრო განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა აქვს, ყოველთვის ცდილობენ, დივერსიფიცირებული ბიზნესი აკეთონ.
„როდესაც დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ახლა დავიღუპებით, ყველაფერი დასრულდება, ვეღარ განვვითარდებით და ა.შ, აღვშფოთდი და დავიწყე კვლევა, რეალურად სად ვართ და რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთზე. შედარებით, უფრო დამაიმედებელი ინფორმაცია მივიღე, რადგან თუ ჩვენს წარსულს დაახლოებით, ათწლიან ჭრილში გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ თუნდაც, ენერგოდამოკიდებულების კუთხით, შეიძლებოდა, მათ მიერ უფრო მეტად ვყოფილიყავით ბიზნესურად დაპყრობილი. ყველაზე რთულად, რასაც ყველაზე მეტად განვიცდით, ალბათ, სწორედ ის 25%-იანი ტურისტული ნაკადების ძალიან სწრაფად, მარტივად გაუქმების რეჟიმია, რა რეჟიმშიც განსაკუთრებით, რეგიონები აღმოჩნდა“, – განაცხადა ნინო კობახიძემ.