ნინო ჯინჯოლავა - სოციალური სფეროს სისტემა სრულყოფილი სკანდინავიის ქვეყნებშიც კი არ არის, სადაც იდეალურთან მიახლოებული მდგომარეობაა
სოციალური სფეროს სისტემა სრულყოფილი სკანდინავიის ქვეყნებშიც კი არ არის, სადაც იდეალურთან მიახლოებული მდგომარეობაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ნინო ჯინჯოლავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თავის მოსახლეობას სოციალური სერვისებით მთლიანად, ბევრი განვითარებული ქვეყანაც კი ვერ უზრუნველყოფს. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ამ ყველაფრისგან შორს ვართ, მაგრამ იმის თქმაც არ შეიძლება, რომ არაფერი არ კეთდება. ჩვენ ეს საჭიროებები ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ სერვისების განვითარებას მხოლოდ ფინანსები არ სჭირდება. ეფექტურ, სრულყოფილ სერვისს სჭირდება პროფესიონალები, ადამიანური რესურსები, რისი პრობლემაც გვაქვს. პროგრამებისთვის ფინანსები გავზარდეთ, მაგრამ იგივე ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ყველა საჭირო თერაპევტით სრულფასოვანი და ეფექტური სერვისის მიწოდებას სრულიად ვერ უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა ჯინჯოლავამ.
მისი თქმით, რეგიონებში 20 ცენტრია, რომელიც 12 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მომსახურებაში 1000–ზე მეტი ბავშვია ჩართული.
„მშობლებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სულ ცოტა ხნის წინ შევიმუშავეთ ადრეული განვითარების კონცეფცია, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. დავამტკიცეთ ასევე ადრეული განვითარების სტანდარტები, რომლის მიხედვითაც მომსახურება უნდა წარიმართოს. იქმნება სამოქმედო გეგმა, რომლის პროექტიც მთავრობისთვის უკვე წარდგენილია და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაღების დონეზე, ნულიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს ადრეული განვითარების ქვეპროგრამით უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა ჯინჯოლავამ.
როგორც ჯინჯოლავამ აღნიშნა, პარალელურად, ეს ბავშვები არ იზღუდებიან, მონაწილეობა აბილიტაცია–რეაბილიტაციის პროგრამაშიც მიიღონ, რაც აქამდე შეზღუდული იყო.
„ჩვენ გავიარეთ პერიოდი, როცა მწირი დაფინანსების პირობებში სერვისის ფინანსურ დაფარვას მთლიანად ვერ უზრუნველვყოფდით და ბოლო წლებია, ამ ორივე ქვეპროგრამის მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა მთლიანად სახელმწიფოს ხარჯზე ხდება“, – განაცხადა ჯინჯოლავამ.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა ასევე განაცხადა, რომ ბავშვთა აბილიტაცია–რეაბილიტაციის პროგრამაში 1000–ზე მეტი ბავშვია ჩართული და 9 მუნიციპალიტეტში 21 ცენტრი არსებობს.
„არის რეგიონები, სადაც ეს სერვისი არ გვაქვს და ოჯახები გარკვეული პრობლემების წინაშე დგანან, მაგრამ სერვის პროვაიდერების გამოჩენის შემთხვევაში, მზად ვართ, ლიმიტები გავზარდოთ“, – განაცხადა ნინო ჯინჯოლავამ.