ნინო ჯავახაძე - ნარკოდანაშაულის სტატისტიკა მიუთითებს, რომ პრობლემის მოგვარების დროში გახანგრძლივება რეალობას კიდევ უფრო გაამწვავებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, ნარკოდანაშაულის არსებული სტატისტიკა და ფაქტები ცალსახად მიუთითებს, რომ პრობლემის მოგვარების დროში გახანგრძლივება რეალობას კიდევ უფრო გაამწვავებს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკა კომპლექსური თემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
მისივე თქმით, არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ამ მხრივ დღეს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და ამ საკითხის გადაწყვეტის დროში გახანგრძლივება კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ე.წ. ქიმიური ნარკოტიკების თვალსაზრისით და ბოის მოხმარებით გამოწვეული ზიანის კუთხით.
“შესაბამისად, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ამ მხრივ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და მძიმე ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნარკოპოლიტიკა კომპლექსური თემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ დაჭერა ან არდაჭერა. ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქიმიური ნარკოტიკების გაზრდილი მოხმარება და ე.წ. „ბიოსგან“ გამოწვეული ზიანი, რაც სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მძიმე ნარკოტიკებთან ბრძოლა ჩვენთვის პრიორიტეტია“, – აღნიშნა მან.
ნინო ჯავახაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიქმნა ახალი რეალობა, რაც, ფაქტობრივად, მარიხუანის ნაწილში დეკრიმინალიზაციას გულისხმობს.
„როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიქმნა ახალი რეალობა, რაც ფაქტობრივად გულისხმობს მარიხუანას ნაწილში დეკრიმინალიზაციას. შესაბამისად, ეს სფერო საჭიროებს შესაბამის საკანონდებლო მოწესრიგებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ნარკოპოლიტიკის მოწესრიგების საკითხებზე, რომლის საბოლოო მიზანია, ეს პოლიტიკა გახდეს უფრო ეფექტიანი. ამ საკითხზე, მომდევნო დღეებში შინაგან საქმეთა მინისტრი დამატებით განცხადებას გააკეთებს“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.