ნინო ჯავახაძე - გერმანიასა და ავსტრიაში უცხოელ დამნაშავეთა შორის ქართველების რაოდენობა 0,8 - 0,9 პროცენტია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით, 2016 წლის მონაცემებით, 2015 წელთან შედარებით უცხოეთში ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალური შემთხვევები შემცირებულია.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა, რამდენიმე ქვეყანაში დანაშაულის თვალსაზრისით, 2017 წლის მონაცემები აპრილში იქნება ცნობილი.
მისივე თქმით, გერმანიაში ქართველი დამნაშავეები მთლიანად უცხოელი დამნაშავეების რაოდენობის 0,8%-ს შეადგენენ.
„ავსტრიაში მთლიანად უცხოელ დამნაშავეთა შორის ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული 0.9%-ია. ავსტრიაში ვიზიტის დროს, ცალსახად ითქვა, რომ ჩვენთან ოპერატიული თანამშრომლობის კუთხით პრეტენზია არ აქვთ და ზოგადად პოლიციის ატაშე ძალიან კარგად საქმიანობს. თუმცაღა, თავშესაფრის მაძიებლების კუთხით, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. იანვარ-თებერვალში ავსტრიაში გვაქვს თავშესაფრის მაძიებელთა 100%-იანი ზრდა. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შვედეთში გვაქვს დანაშაულის მაჩვენებლის კლება. მათი მთავარი დღევანდელი წუხილი არის თავშესაფრის მაძიებლების მსურველთა ზრდა”, – აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორები თავადაც აღიარებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ეს შეიძლება პირველად ტალღად ჩაითვალოს.
„ანალოგიური ტენდენცია მათ იხილეს იგივე ალბანეთის, სერბეთის შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა ველოდოთ როდის დაცხრება ეს ტალღა. დღეს არ დგას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე, რადგან ჩვენ ევროპელ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა ტენდენცია დაიკლებს. რვა ქვეყანას ჰყავს საქართველო აღიარებული უსაფრთხო ქვეყნად. როგორც გერმანელებმა განგვიცხადეს, დე ფაქტო მათთვისაც საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, უბრალოდ იურიდიულად ამის გაფორმებას სჭირდება პროცედურები. შვედეთს უსაფრთხო ქვეყნის ცნება არ აქვს, თუმცა ეს ქვეყნები ამცირებენ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის შემოწმების ვადას, რადგან დე ფაქტოდ, საქართველო მათაც უსაფრთხო ქვეყნად მიაჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მცირე, თითქმის მინიმალური შანსი აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი მოთხოვნა დადებითად გადაწყდეს”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ რეადმისიის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებს რეადმისიის შეთანხმების განხორციელება ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად მიაჩნიათ.
“ჩვენ ევროპელ პარტნიორებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ საქართველოსთან ამ მხრივ წარმატებული თანამშრომლობა აქვთ. 2011 წლის პირველი მარტიდან დღემდე, საქართველოს რეადმისიაზე, სულ მიღებული აქვს 9638 განაცხადი, საიდანაც უარყოფილი იყო 429. აღსანიშნავია, რომ რეადმისიის თვალსაზრისით, პირველ სამეულს, გერმანია, საფრანგეთი და საბერძნეთი წარმოადგენენ. რაც შეეხება დღევანდელი მდგომარეობით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში რეადმისიაზე სულ განხილული გვაქვს 276 განაცხადი. ამ მხრივ გვაქვს საკმაოდ კარგი თანამშრომლობა”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.