2016 წელთან შედარებით, 2017 წელს რეგისტრირებულ დანაშულს შორის კლების ტენდენციაა ნარკოტიკულ დანაშაულზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ 2017 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრა, რომელიც შსს-მ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა.
მისი თქმით, კლება ფიქსირდება ნარკოტიკული დანაშაულის თავში შემავალ თითქმის ყველა მუხლზე, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე (273-ე, 2731 მუხლები).
როგორც ნინო ჯავახაძემ ბრიფინგზე აღნიშნა 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია, ძირითადად, სიცოცხლის წინააღმდეგ, ჯანმრთელობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ დანაშაულებზე შეინიშნება.
გასულ წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია ასე გამოიყურება: დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 11.9%-ით);
დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 14.8%-ით); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 23.2%-ით); დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 8.1%-ით); დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 127.8%-ით); დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 17.5%-ით); დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 20.5%-ით).
რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის კლების ტენდენციას, სამინისტროს ინფორმაციით, კლება აღინიშნება შემდეგ დანაშაულებზე: დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (კლება 2016 წელთან შედარებით- 19.5%-ით); ნარკოტიკული დანაშაული (კლება 2016 წელთან შედარებით – 8.3%-ით); სატრანსპორტო დანაშაული (კლება 2016 წელთან შედარებით – 16.4%-ით).
შსს-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულის მაჩვენებელი 5,4%-ით გაიზარდა.