ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების საკითხი დააყენა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, ნინო გოგუაძემ რუსეთის დელეგაცის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრა.
საკითხის გასაჩივრებისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა, მათ შორის – რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციის და ყირიმის ანექსიის შესახებ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატიური დარღვევის შემთხვევებზე სევასტოპოლში, ყირიმში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საკითხის შესწავლას საქართველოს დელეგაციასთან ერთად მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, პოლონეთის ესტონეთის ლიეტუვას, ლატვიის და სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებმა.
საპარლამენტო ასამბლეამ გაიზიარა საქართველოს დელეგაციის წევრის წინადადება და დაიწყო საკითხის შესწავლა რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საკითხებზე.
„ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ რუსეთის დელეგაციას მუდმივად შევახსენოთ, რომ როგორც აგრესორ და ოკუპანტ ქვეყანას ვერ ექნება საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა. საქართველოს ოკუპაცია, ათასობით ადამიანის დევნილობაში ცხოვრება მუდმივად იქნება ასამბლეაში განხილვის საკითხი“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.