ნინო გოგუაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ისეთი ახლო პარტნიორი არ არის, როგორც „ევროპული საქართველო“
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ისეთი ახლო პარტნიორი არ არის, როგორც „ევროპული საქართველო“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„ჩვენი პარტნიორი არის „ევროპული საქართველო“, რომელთანაც მომავლის საერთო ხედვა გვაკავშირებს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თემატური თანამშრომლობა გვაქვს და თითქმის, ყველა პარტიასთან გვაქვს თემატური თანამშრომლობა. მათ შორის, როცა კონსტიტუციის პროექტს ვიღებდით, მაშინაც ვითანამშრომლეთ ყველასთან. დიახ, მე ვთვლი, რომ უნდა იყოს რაც შეიძლება, დაბალანსებული ძალაუფლება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა პოლიტიკა ავტორიტარი მმართველების ამარად არ დარჩეს“, – განაცხადა გოგუაძემ.
ამ განცხადებით ნინო გოგუაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამა მინიმუმი, პროგრამა მაქსიმუმი და ვისთან წარმოუდგენიათ თანამშრომლობა.
ნინო გოგუაძემ ასევე განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნების შემოტანა ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნება არ არის.
„მას მოუხდა ამ ნაბიჯზე წასვლა. მათ შორის, ძალიან დიდი მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დაუღალავად იბრძოდნენ გავრილოვის ღამის შემდეგ“, – განაცხადა გოგუაძემ.
მისი თქმით, ვიდრე კონსტიტუციაში არ ჩაიწერება, რომ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, იქამდე ეს არ უნდა აღვიქვათ, როგორც მოცემულობა, რადგან ყველაფერია მოსალოდნელი.
„ოპოზიცია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენი შემოტანილი მოდელი გაცილებით უკეთესია, ამაზეც თანახმა ვართო. ასე რომ, თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა, რომ ის, რასაც მოსახლეობას დაჰპირდა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.