ნინო გოგუაძე - მივმართავთ თამარ ჟვანიას, ფორმალურად მაინც იყოს დამოუკიდებელი არბიტრი და არ შეუშალოს ხელი ჩვენს დამკვირვებლებს
ნინო გოგუაძე - მივმართავთ თამარ ჟვანიას, ფორმალურად მაინც იყოს დამოუკიდებელი არბიტრი და არ შეუშალოს ხელი ჩვენს დამკვირვებლებს

მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და თამარ ჟვანიას, ფორმალურად მაინც იყოს დამოუკიდებელი არბიტრი და ნუ შეუშლის ხელს ჩვენს დამკვირვებლებს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფისში ნინო გოგუაძემ განაცხადა.

ბლოკის „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველო“ ოფისში ნინო გოგუაძემ და ირმა ნადირაშვილმა ერთობლივი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს.

„ჩვენი დამკვირვებლები მოქმედებენ საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის ე პუნქტის შესაბამისად და ახორციელებენ ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ისინი ამოწმებენ პირადობის მოწმობებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბება და კარუსელები. მინდა, მივმართო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას,  კერძოდ თამარ ჟვანიას, რომ ფორმალურად მაინც შეასრულოს თავისი პირდაპირი ფუნქცია, ფორმალურად მაინც იყოს დამოუკიდებელი არბიტრი და ნუ შეუშლის ხელს ჩვენს დამკვირვებლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში. ყველა ასეთი შემთხვევა, როდესაც დამკვირვებლებს არ ეძლევათ უფლება, შეასრულონ თავისი ვალდებულებები, მოჰყვება ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ნინო გოგუაძემ მთაწმინდელებს არჩევნებში აქტიურობისკენაც მოუწოდა.

„ევროპული საქართველოს” დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის შესახებ ისაუბრა ირმა ნადირაშვილმა.

„ჩვენი შეშფოთება ეხება მთაწმინდის ოლქს, სადაც ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ საარჩევნო უბნებზე გამოჩნდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და ისინი პირდაპირ აძლევენ მითითებებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, რომ მათ პირადობის მოწმობების შემოწმების გარეშე შეუშვან უკვე ადამიანები უბნებზე. ეს არის პირდაპირი დარღვევა კანონის, ჩვენს დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს აქვთ უფლება, შეამოწმონ პირადობის მოწმობები, იმიტომ, რომ ამით გვინდა ჩვენ თავიდან ავიცილოთ კარუსელები, გაყალბებული პირადობის მოწმობებით შემოსვლა, ვადაგასული და ა.შ, ამიტომმ მე მოვუწოდებ თამარ ჟვანიას არ გაბედოს მონაწილეობის მიღება გაყალბებებში და შესაძლო კარუსელების დატრიალებაში, მან უნდა შეასრულოს ნეიტრალური არბიტრის ფუნქცია და უნდა მოახერხოს სამართლებრივად ჩაატაროს ეს არჩევნები”,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა