ნინო გოგუაძე - აზერბაიჯანი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორია და ამას ადასტურებს პრემიერის ვიზიტიც
ნინო გოგუაძე - აზერბაიჯანი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორია და ამას ადასტურებს პრემიერის ვიზიტიც

დავით გარეჯთან დაკავშირებული თემა უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის შეთანხმებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

„პატრიარქის განცხადებაც განმსჭვალული არის იმ სულისკვეთებით და იმ მოტივებით არის დაწერილი, რა პოზიციაც აქვს სახელწიფოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ გარეჯთან დაკავშირებული ეს მგრძნობიარე თემა უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის შეთანხმებით. ბუნებრივია, ეს არის, რაზეც სახელმწიფო მუშაობს. აზერბაიჯანი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორია, ამას ადასტურებს პრემიერის ვიზიტიც. პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში შედგა. ეს არის საქართველოს ეკონომიკური სავაჭრო პარტნიორი და რა თქმა უნდა, ამ საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი არის დავით გარეჯი. ბუნებრივია, გარეჯის თემაც იქნება, მათ შორის, ქვეყნის ლიდერებს შორის განხილვის საკითხი. იცით, რთული საკითხი და პროცესია, რომელშიც ორივე მხარე არის ჩართული, თანაბრად მონაწილეობს, რათა ეს საკითხი საბოლოოდ დასრულდეს, გადაწყდეს. ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იყოს გადაწყვეტილება მიღებული და ეს პროცესი გრძელდება“, – აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი არსებობს პრემიერის პირველ ვიზიტთან მიმართებით, ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ მოლოდინი ურთიერთობების განმტკიცებას უკავშირდება.

„რა თქმა უნდა, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერს შორის დგება ვიზიტი, ბუნებრივია, მოლოდინი არის ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება ნებისმიერი მიმართულებით, რაც არის ორი ქვეყნის ინტერესი, ამიტომ ბუნებრივია, რომ მოლოდინი არის ძალიან კონკრეტული“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომელიც გარეჯის საკითხს პრეზიდენტის განცხადებებს უკავშირებს, ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული თემების დაკავშირება არ მიაჩნია სერიოზულად.

„არის ძალიან დიდი ხნის საკითხი, სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხდა ქვეყნებს შორის შეთანხმება, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევას ამასთან არ დავაკავშირებ“, – დასძინა ნინო გოგუაძემ.