ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ
საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრის, ნინო გოგუაძის განცხადებით, ფრაქციის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.
ნინო გოგუაძის თქმით, მათ უმრავლესობა სწორედ ამ საკითხის ჩავარდნის გამო დატოვეს და ახლა მხარს აუცილებლად დაუჭერენ.
„მმართველ გუნდმა აუცილებლად უნდა შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, ამას ელოდება მათგან ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება. ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი არის საკონსტიტუციო ცვლილება. განცხადებები, რომელსაც მმართველი გუნდი აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არ მაძლევს იმის საფუძველს, ვთქვა, რომ ისინი ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. პირიქით, ეს ბუნდოვანი განცხადებები მაფიქრებინებს, რომ ისინი გამოიყენებენ ოპოზიციის ბოიკოტს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვან, რაც როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ძალიან ძვირად დაუჯდება მმართველ გუნდს. ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვისაც ძალიან დამაზიანებელი იქნება. ამიტომ ბევრი უნდა იფიქროს ამაზე მმართველმა გუნდმა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნისთვის რაიმე მიზეზი არ მოძებნოს, რომლის ნიშნებსაც მე ნამდვილად ვხედავ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მისივე თქმით, უმრავლესობა იმის გამო დატოვა, რომ მმართველმა გუნდმა უარი თქვა თავის დაპირებაზე.
„ვფიქრობ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ საბოლოოდ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს. ვფიქრობ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მას უნდა ჰყავდეს მხარდამჭერები პარლამენტში“, – განაცხადა გოგუაძემ.