ნინო გოგუაძე არ აკონკრეტებს, მხარს დაუჭერს თუ არა კანონპროექტს საერთო სასამართლოების შესახებ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ნინო გოგუაძე არ აკონკრეტებს, მხარს დაუჭერს თუ არა კომიტეტის სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტს.
როგორც ჟურნალისტებს გოგუაძემ განუცხადა, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე წინასწარ შექმნილი და ჩამოყალიბებული განწყობა არ აქვს, რადგან განხილვას ელოდება.
„სასამართლო სისტემის რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. ეს მოიცავს როგორც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს, ასევე სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას. ინიციატორების მხრიდან როგორც არის დანახული, რომ ეს კანონპროექტი გადაარჩენს სასამართლოს, მე ასე არ დავინახავდი, რადგან ეს შეიძლება პროცესის ნაწილი იყოს. ასევე მაინტერესებს, რა დასაბუთება აქვთ ინიციატორებს, რამდენად არის ცვლილებები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ისინი საკუთარ პოზიციას გაგვიზიარებენ”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ავტორები ცვლილებების განხილვას კომიტეტში მოკლე ვადებში ითხოვენ.