ნინო გიორგობიანი - თურქმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში მხილებული გოჩა საგინაძე სუს-ის ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს
ნინო გიორგობიანი - თურქმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში მხილებული გოჩა საგინაძე სუს-ის ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს

თურქი სამართალდამცველების მიერ ტრაპიზონის პროვინციაში საქართველოს მოქალაქის გოჩა საგინაძის დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, რომელიც ტერორიზმთან კავშირშია მხილებული, – ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს.

“არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და აჰმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თურქმა სამართალდამცველებმა, 26 დეკემბერს, ტრაპიზონის პროვინციაში, საქართველოს მოქალაქე, გოჩა (ალი) საგინაძე დააკავეს. დაკავებული ტერორიზმთან კავშირში არის მხილებული. თურქმა სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მასალები ამოიღეს“, – აცხადებენ სუს-ში.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა პირველ არხს განუცხადა, თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო აჰმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან”, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.