ნინო ევგენიძე - საქართველოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის სერვისების განვითარება
საქართველოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს, არის სერვისების განვითარება, – ამის შესახებ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა, ნინო ევგენიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემაში შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „ქართული ბიზნესი უფრო ახლოს ევროპასთან“ განიხილეს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, ევროპის ბაზარზე მისი ცნობადობის გაზრდასა და ინტეგრაციას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში, რომელიც წელს დაიწყო და რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ახორციელებს, სულ 100 ბენეფიციარი კომპანია უნდა შეირჩეს მომსახურების ე.წ. სერვისების სფეროდან, როგორიცაა არქიტექტურა და დიზაინი და ინტერიერის დიზაინი, საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემები და ბიზნესკონსალტინგი.
ევგენიძის ინფორმაციით, 65 კომპანია უკვე შერჩეულია და 35-ის შერჩევის ეტაპი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პროექტის პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან არის „აწარმოე საქართველო“.
ევგენიძის განმარტებით, მომსახურების სფერო მრავალი წლის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით შეირჩა, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის სერვისების სექტორი და ადამიანური კაპიტალი.
„ეს პროექტი იმიტომ დაიწყო, რომ სწორედ სერვისების განვითარება არის საქართველოს კონკურენტული უპირატესობა იმისათვის, რომ საშუალო და მცირე ბიზნესი განვითარდეს. ჩვენს ორგანიზაციას ყველა მიმართულებით გვქონდა კვლევები გაკეთებული და გვქონდა მიდგომა, რომ რადგანაც მცირე ზომის ქვეყანა ვართ და ბუნებრივი რესურსი ბევრი არაფერი გაგვაჩნია, ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პოტენციალი, რისი გაყიდვაც შეგვიძლია, არის ადამიანი. ინვესტიციებიც ამაში უნდა ჩაიდოს. ზოგადად, როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, მათ შორის მთავრობის მხრიდან ინვესტიციებზე, საუბარია მხოლოდ განათლების, ცოდნის, ახალი ტექნოლოგიებისა და მსგავსი შესაძლებლობების დახმარებაზე და არა ერთჯერადი დახმარების პროგრამებზე, რასაც მეორე დღეს შედეგი არა მოაქვს. ჩვენი მიდგომა თავიდანვე გრძელვადიან პერსპექტივაზე იყო გათვლილი. ამ პროექტის ფარგლებში შერჩეული 100 მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი კომპანია, რომლებიც არქიტექტურისა და დიზაინის, საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემებსა და ბიზნესკონსალტინგის სფეროში მოღვაწეობენ და პროექტის ბენეფიციარები გახდებიან, სწორედ კვლევებზე დაფუძნებით შერჩეული პრიორიტეტებია“, – განაცხადა ევგენიძემ.
მისი განმარტებით, პროექტი ბენეფიციარ კომპანიებს სამი მიმართულებით დაეხმარება: ერთი მიმართულება ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს, რომელიც ძირითადად ლიცენზირებული პროდუქტის შექმნას წაახალისებს; მეორე მიმართულება საერთაშორისო მასშტაბით გადამზადების პროგრამებსა და გამოფენებში მონაწილეობას უზრუნველყოფს; მესამე ეტაპის ფარგლებში კი, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი“ ბენეფიციარ კომპანიებს შვედეთსა და ჰოლანდიაში მსგავსი პროფილის მქონე პარტნიორი კომპანიების მოძიებასა და მათი გამოცდილების გაზიარებაში დაეხმარება.
ევგენიძის თქმით, აღნიშნული პროექტის საბოლოო მიზანი არის ის, რომ ქართულმა კერძო სექტორმა და საზოგადოებამ ევროპული ბაზრის მიდგომები გაითავისოს.
„მოგეხსენებათ, რომ ეს პროექტი ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიზანი და იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბაზარზე ინტეგრაციის პროცესია ყველაზე მომგებიანი. ამ დროს ხდება მათი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, თორემ ჩვენი, მაგალითად, ვაშლი და მსხალი ევროპის ბაზარზე დიდი რაოდენობით რომ ვერ გაიყიდება, ჩვენც ვიცით, რადგან უბრალოდ არ გვაქვს ამდენი, მაგრამ თუ ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, როგორც მაგალითად ესტონეთში ორი პატარა ბიჭი დაჯდა და სკაიპი გამოიგონა, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს ყოველ წელს 300 მილიონი დოლარით ავსებს – ასეთი მიდგომა გვჭირდება. რეგიონების მოსახლეობამდეც უნდა მივიტანოთ, რომ სოფლის მეურნეობაშიც ისეთი ინოვაციური მოდელები შევიმუშაოთ, რომელიც პატარა ტერიტორიაზე ნაკლები შრომის ფასად მეტ შემოსავალს მოგვცემს“, – განუცხადა ნინო ევგენიძემ „ბიზნესპარტნიორს“.