ნინო დოლიძე - „სამართლიანი არჩევნები“ 27 წლის განმავლობაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, პროცესს აზიანებს, როდესაც პროფესიული ორგანიზაცია განსხვავებული მოსაზრების გამო იბლოკება
ნინო დოლიძე - „სამართლიანი არჩევნები“ 27 წლის განმავლობაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, პროცესს აზიანებს, როდესაც პროფესიული ორგანიზაცია განსხვავებული მოსაზრების გამო იბლოკება

მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არ იყოს სამუშაო ჯგუფში, რაც ძალიან სამწუხარო და ჩვენთვის გაუგებარია, ეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების უფლების შეზღუდვას და დევნას მისი აზრის გამო, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო საარჩევნო რეფორმის გაუმჯობესება და ასევე, რეკომენდაციების ნაწილი იყო სამოქალაქო საზოგადოების პროცესში ჩართულობა.

„რეკომენდაციების ერთ-ერთი ნაწილი იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ინკლუზიური პროცესი ამ რეკომენდაციების განხორციელებაში. ამასვე მოგვიწოდებდნენ დასავლელი მეგობრები. ცხადია, იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს, ქვეყანაში რომ ძირეული რეფორმები გატარდეს, გადავწყვიტეთ, როდესაც მივიღეთ შემოთავაზება ამ პლატფორმისგან, მიგვეღო მონაწილეობა ამ სამუშაო ჯგუფში. ჩვენი ინტერესი იყო ქვეყნის ინტერესი და საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციას. ჩვენი პოზიცია იყო, დავხმარებოდით იმ გამოცდილებით, რომელიც ორგანიზაციას 27 წლის განმავლობაში დაუგროვდა“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ არის ორგანიზაცია, რომელიც 27 წლის განმავლობაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ დონორ ორგანიზაციებთან.

„ჩვენ ნამდვილად გაგვაჩნია ის ექსპერტიზა, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არ იყოს ამ ჯგუფში, რაც ძალიან სამწუხარო და ჩვენთვის გაუგებარია. ეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების უფლების შეზღუდვას და დევნას მისი აზრის გამო, იმის გამო, რომ ჩვენი ორგანიზაცია ხშირად არის ხოლმე კრიტიკული. ალბათ ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვიყოთ ამ ჯგუფში. ჩვენთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილია, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველომ გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ცხადია, ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ, თუმცა პროცესს აზიანებს, როდესაც იქმნება სამუშაო ჯგუფი არჩევნებზე და პროფესიული ორგანიზაცია იბლოკება იმის გამო, რომ მას აქვს განსხვავებული მოსაზრება. ამიტომ, გვგონია, რომ ეს აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას. მათ შორის, შეკითხვები ებადება საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ხელისუფლებასთან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად აზრთა განსხვავებულობისა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დასხდომა და საუბარი. „სამართლიანი არჩევნები“ ამისთვის, ცხადია, მზად იყო. მგონია, რომ ეს არის უფლების შეზღუდვა და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა. მგონია, რომ რეალურად ეს სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნა იმისთვის, რომ რეფორმაზე სრულად იმუშაოს, არამედ პირიქით, პროცესის გაჭიანურებისთვის და პოლიტიკური სურვილებისთვის არის შექმნილი, სადაც ბლოკავენ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ამ მიმართულებით ექსპერტიზა აქვთ“, – აღნიშნა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, მიუღებელია არგუმენტი პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

„წელიწადნახევარია, ორგანიზაციის დირექტორი ვარ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტრული დამოკიდებულება არის მმართველი პარტიის მიერ, მიუხედავად ჩემი არაერთი მცდელობისა დიალოგისა. ვფიქრობდი, რომ საუბარი ყოველთვის კარგი გამოსავალი იყო, თუმცა მუდმივად ასეთ დამოკიდებულებას ვიღებ. „სამართლიანი არჩევნები“ არასდროს ყოფილა, არც ახლა არის და არც არასდროს იქნება არც ერთ პოლიტიკურ მხარეს. ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. სულ ახლახანს დავდეთ ანგარიში, რომელიც ძალიან ნათლად მიუთითებს, როგორ ტარდება საქართველოში არჩევნები და ნაცვლად იმისა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან რომელიმე წევრი გამოხმაურებოდა და დაინტერესებულიყო გამოძიებასთან დაკავშირებით, პირიქით, სრულიად უგულებელყო ასეთი ანგარიში და ჩვენ გვბლოკავენ. ეს მიუთითებს, რომ მათთვის ინტერესის სფერო არაა, როგორ ტარდება არჩევნები, არამედ არ უნდათ ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პრობლემებზე საუბრობს“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები“ არ მიიწვიეს, რადგან პროცესში ჩართული ორგანიზაციები უნდა ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს.