ნინო დოლიძე - IRI-ის კვლევები შესაძლოა, ზუსტი არ იყოს, მაგრამ ნამდვილად გამოხატავს საზოგადოების განწყობებს
მე პირდაპირ ვამბობ, რომ ძალიან ვენდობი ამ კვლევებს, რადგან შესაძლოა, ზუსტი არ იყოს, მაგრამ ნამდვილად გამოხატავს საზოგადოების განწყობებს, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პოლიტიკური საუბრები საზოგადოების საჭიროებებზე არ არის მორგებული.
„IRI-ის კვლევამ რამდენიმე რამ აჩვენა, რაც არის ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი; პირველი ის, რომ მოსახლეობის ოთხი მთავარი პრიორიტეტი უკავშირდება ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. ადამიანებს რეალურად აწუხებთ ეკონომიკა, მაღალი ფასები, უმუშევრობა და სიდუხჭირე და სამწუხაროდ, ამაზე საუბარს ნაკლებად ვხედავთ პოლიტიკურ დისკურსში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოების საჭიროებებზე არ არის მორგებული პოლიტიკური საუბრები“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
მისივე თქმით, კვლევის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს.
„ასევე, ეს კვლევა აჩვენებს, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს აქვთ დაბალი ნდობა, თუ არ ვცდები 15% იყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს. ჩემი აზრით, აქ მოსახლეობა ნამდვილად გულისხმობს არა ახალ პარტიას, არამედ ახალ თემებზე საუბარს, მათ შორის რომელიც სწორედ ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება და იმ საკითხებს, რომელიც მოსახლეობას სურს. IRI-ის კვლევა ძალიან კარგად აჩვენებს, რომ მიუხედავად ამ ფართომასშტაბიანი პროპაგანდისა, რომელიც ქვეყანაში არის გაშლილი დასავლეთის წინააღმდეგ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ინტეგრაციის მომხრეა. მათს შორის, ნიშანდობლივი იყო ის, რომ ეს ადამიანები მომხრე არიან იმ ფონზეც კი, თუ ამ დროს შეწყდება სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობას დიდად არ ახარებს უვიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის და ზოგადად, განწყობები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მთავარი მათი პრობლემა არის ეკონომიკური საკითხები, მაგრამ მათ სურთ დასავლეთთან ინტეგრაცია“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა.