ნინო დოლიძე - დათვლის პროცესთან დაკავშირებით არ არის სერიოზული მანიპულაციები, დარღვევები, ნაკლებად გვაქვს კითხვები შედეგზე, მაგრამ მანამდე გამოვლენილმა დარღვევებმა შედეგებზე გავლენა მოახდინა
ნინო დოლიძე - დათვლის პროცესთან დაკავშირებით არ არის სერიოზული მანიპულაციები, დარღვევები, ნაკლებად გვაქვს კითხვები შედეგზე, მაგრამ მანამდე გამოვლენილმა დარღვევებმა შედეგებზე გავლენა მოახდინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა.

„არჩევნების დღესაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიც არის ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება. ასევე, უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და მათი ნების კონტროლის ფაქტები“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობას, შესაძლოა, არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

„„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი ერთობლივად უნდა იქნას შეფასებული არჩევნების დღის საბოლოო შეფასებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ჯერ კიდევ აგროვებს მონაცემებს დამკვირვებლებისგან, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის (PVT) მიხედვით, ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მასშტაბური პრობლემები ხმების დათვლის დროს, თუმცა, ორგანიზაცია კვლავ ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო გარემოს პერიოდში გამოვლენილმა ფაქტებმა და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე. არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესში შეინიშნებოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას, ასევე საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, ასევე მათი დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები. რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები. „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებს, რომლებმაც ასევე იქონია გავლენა კენჭისყრის პროცესებზე და შედეგებზე. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო უბნების 31%-ზე გარე პერიმეტრზე გამოავლინა ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები. ორგანიზაციამ დააფიქსირა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და მუქარის ფაქტები საარჩევნო უბანთა 11%-ზე გარე პერიმეტრზე. საარჩევნო უბანთა 9%-ზე გამოვლინდა ამომრჩეველთა მობილიზება და ტრანსპორტირება, ასევე, ყველაზე პრობლემურად მიგვაჩნია, რომ საარჩევნო უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, რაც ძალიან აღემატება წინა არჩევნების დროს მსგავსი ფაქტების გამოვლენას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა, ჯამში, 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს, აქედან 100-ზე მეტი არის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ხოლო 95 – საოლქო საარჩევნო კომისიაში. 70-მდე შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში, ასევე, ერთი საჩივარი შეტანილია ცესკო-ში“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

რაც შეეხება კითხვას, – „როდის გამოაქვეყნებთ PVT-ის (პარალელური დათვლის) შედეგებს და რა პროცენტული მაჩვენებლები დაჯდა?“ – ნინო დოლიძის თქმით, დათვლის პროცესთან დაკავშირებით სერიოზული მანიპულაციები და დარღვევები არ არის, მაგრამ როგორ დადგა ეს შედეგები, ამასთან დაკავშირებით არსებობს არაერთი პრობლემური საკითხი.

„ამიტომ ვუსვამთ ამას ხაზს, როგორ დადგა ის შედეგები და რამდენმა ფაქტორმა იმოქმედა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს იმ ბევრი პრობლემური დარღვევის და ფაქტის გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ. მხოლოდ ასე შემიძლია გიპასუხოთ, რომ ნაკლებად გვაქვს შეკითხვები უკვე დამდგარ შედეგთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე გამოვლენილმა შედეგებმა, ჩვენი აზრით, იმოქმედა ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე და მათ შორის, შედეგებზე გავლენა მოახდინა. ჩვენ გვაქვს შეკითხვები პროცესთან დაკავშირებით, ხოლო უკვე დამდგარ შედეგებთან დაკავშირებით დათვლის დროს ამ ეტაპზე ბევრი პრობლემა არ გამოგვივლენია, მაგრამ ჯერ კიდევ ვიღებთ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილმა დარღვევებმა, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ ზეგავლენაზე. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.