ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობების გაგრძელებას სპეციალისტები სახიფათოდ მიიჩნევენ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის რისკებზე საუბრობს. გიორგი ბოიჩენკოს თქმით, ვარაზის ხევის მარჯვენა ფერდობი მეწყერსაშიშია და მასზე სამშენებლო სამუშაოები არ უნდა მიმდინარეობდეს.
„ჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობი მეწყერსაშიში ზონაა. აქ არის პრობლემის მქონე ორი მშენებარე ობიექტი. ესენია ე.წ პროკურორებისა და შპს „თორის“ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. ხდება ადამიანის ჩარევა ბუნებრივ პროცესში, რაც მეწყრული პროცესის დაჩქარებას გამოიწვევს. აღნიშნულ ხეობაში მეწყერი ისედაც მრავლადაა. დაახლოებით კილომეტრიან მონაკვეთზე 4-5 მეწყრული პროცესი ვითარდება. მასში ადამიანის ჩარევა ამ ყველაფერს კიდევ უფრო აჩქარებს. მსგავსი მეწყრული პროცესი იყო ვარაზისხევის ფერდობის აღმოსავლეთ დაბლობზე, კაკაბაძის ქუჩაზე რამდენიმე წლის წინ. იქ ადამიანის მიერ ჩამოიჭრა მიწა და დაიძრა კლდის მასა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა”,-აცხადებს გიორგი ბოიჩენკო.
მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა შეწყდეს, ფერდობი კი საფუძვლიანად უნდა გამაგრდეს.
„ადგილი შევისწავლეთ და მივიჩნევთ, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა შეწყდეს. უკვე მიმდინარე მშენებლობებს რაც შეეხება, პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს კვლევა, მასზე დაყრდნობით კი ფერდობი გამაგრდეს საფუძვლიანად. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს უკვე დაწყებული მშენებლობა“,- ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი