ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგია
ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგია

ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგია.

„გარემოსდამცველები დიდი ხანია, ვაფრთხილებთ მსოფლიოს. არა მარტო ჩვენ, საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სპეციალისტები აფრთხილებენ ხალხს, ვინაიდან გახშირდება ბუნებრივი კატასტროფები, რამაც შეიძლება, შექმნას არაორდინალური, ფორსმაჟორული სიტუაციები ბევრ ადგილას. მსოფლიო მეცნიერების არაერთი მოხსენება გაკეთდა ამ მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე. ეს ნაპროგნოზირები იყო. გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგებია, რასაც ახლა ვიმკით საქართველოში. ტყუილად არ უწოდეს ამას გლობალური კლიმატის კრიზისი. რეალურად, უფრო გვიან ეტაპზე იყო ნავარაუდები, რომ დაჩქარებული იქნებოდა ასეთი მოვლენები. ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე არის კავკასიონი, ცენტრალური და ის, რაც დამახასიათებელია ცენტრალური კავკასიონისთვის, ისევე როგორც დამახასიათებელია არქტიკისთვის – დნება ყინულები, რაც იწვევს ძალიან დიდ და სერიოზულ პრობლემას.

გურიის შემთხვევაზე ვერ ვიტყვით, რომ ყინულოვან საფარზე იყო დამოკიდებული, ეს იყო ნალექის შედეგად მიღებული. უბრალოდ, კლიმატის ცვლილების ფონზე უკვე ვატყობთ, რომ გურიაში ძალიან მკაფიოდ ვითარდება ისეთი მოვლენები, რომლებიც გამოიწვევს ძლიერი მეწყრული პროცესების განვითარება-გააქტიურებას, ისევე როგორ იქნება დამახასიათებელი მდინარეებისთვის (მთის მდინარეებისთვის) წყალმოვარდნები და წყალდიდობები. ეს არ იქნება სეზონისთვის დამახასიათებელი წყალდიდობები, ეს ხდება სტიქიურად, ვინაიდან სხვა დღის წესრიგი გვაქვს უკვე. გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები, ფაქტობრივად, გლობალური კლიმატის ცვლილების და ჩვენ მიერ მიღებული არაგონივრული გადაწყვეტილებების შედეგია. როცა შენ სახლს აშენებ კალაპოტში, უნდა ელოდო, რომ ის აუცილებლად დაიტბორება წყალდიდობის დროს. როცა ნაპირზე აშენებ კორპუსს, უნდა ელოდო, რომ წყალმოვარდნის დროს შეიძლება, გაირეცხოს ან ჩაიქცეს ნაპირი. როცა სახლს აშენებ პირდაპირ მეწყრის ქვემოთ, თან ჩეხ ზემოთ ტყეს, უნდა ელოდო, რომ მეწყერი აუცილებლად ჩამოვა. ამიტომ, გვინდა, არ გვინდა, ჩვენ თუ არ მივეჩვიეთ საკუთარი ბუნების მოსმენას, ვერასდროს გავალთ ფონს“, – განაცხადა ჩხობაძემ.

ამასთან, ნინო ჩხობაძემ ყურადღება გაამახვილა მეტეოროლოგიური სისტემის გამართვის მნიშვნელობაზე.

„არის პროგნოზი, რომ საქართველოში საერთო ჯამში ნალექიანობა მკაფიოდ იქნება დაკლებული, მთლიანობაში ნალექი მოვა ცოტა, მაგრამ ერთჯერადად მოვა იმდენი რაოდენობის ნალექი, რომ ვერ გაატარებს ვერცერთი სანიაღვრე სისტემა, რაც მოხდა თბილისში რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. ნუ ვიტყვით იმასაც, რომ მაგალითად, ჩვენ ხანძრებს წელს გადავურჩით. მე მინახავს ოქტომბერშიც ხანძარი, გააჩნია ტემპერატურას. რასაც ჩვენ ვუყურებთ, სამწუხაროდ, მშრალია მიწა, მიუხედავად ამდენი წვიმისა. არ გამოვრიცხავ, ისეთი კატაკლიზმები განვითარდეს, რომ სექტემბერში იყოს დაბალი ტემპერატურა და ტემპერატურამ აიწიოს ოქტომბერ-ნოემბერში. მინახავს ასეთი პერიოდიც. ჩვენ არ გვყოფნის დაკვირვების სადგურები მიწის ზედაპირზე, პრობლემას ქმნის, როცა ვერ აძლევენ ზუსტ წერტილოვან პროგნოზს. ანუ, ვერ ვიძლევით პროგნოზირებას, სად იქნება მტკივნეული წერტილი. ახლა ხდება ამ სისტემის აღდგენა“, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.