ნინო ჩიკვაშვილი - პარტია „საქართველოსთვის“ ყოველგვარი ღირსებისგან დაცლილია, პარტიის ადამიანურად დატოვებას ვაპირებდი, თუმცა მასკარადი მოაწყვეს, თითქოს გამრიცხეს
პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი, ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით ბერდია სიჭინავას განცხადებას პასუხობს. როგორც ჩიკვაშვილი ამბობს, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საკრებულოში დარჩენას აპირებდა, რის გამოც პარტიაში „მოაწყვეს მასკარადი“, თითქოს ის გარიცხეს.
ნინო ჩიკვაშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ ყოველგვარი მორალისა და ღირსებისგან დაცლილია.
„პასუხი „პარტია“ საქართველოსთვის! ეს პარტია მისი ლიდერებით, უკვე ყოველგვარი მორალისა და ღირსებისგან დაცლილია. გაიგეს, რომ ვაპირებდი გასვლას და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საკრებულოში დარჩენას, ჯერ გამომკითხეს ყველაფერი, შემდეგ მოაწყვეს მასკარადი, თითქოს გამრიცხეს პარტიიდან. რეალურად, ძალიან კარგად იცოდნენ ის სერიოზული ღირებულებითი აცდენა, რაც მაქვს პარტიასთან, რომელიც თავიდან აბსოლუტურად სხვანაირი იყო და ახლა სხვა რელსებზე გადავიდა. ვაპირებდი პარტიის ადამიანურად დატოვებას, თუმცა მათ მოაწყვეს მასკარადი. ძალიან კარგად იცის ჩემმა ამომრჩეველმა, რომ მე არასდროს მივატოვებ არც ამომრჩეველს და არც ჩემს ხალხს. ეს შოუ დასჭირდათ მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზიები მიეწვიათ და ეჩვენებინათ, თითქოს დამსაჯეს“, – განაცხადა ნინო ჩიკვაშვილმა.
მანამდე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნინო ჩიკვაშვილი გარიცხულია პარტიის რიგებიდან. მისი თქმით, ხალხი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მიჰყიდის სულს, მათ გვერდით ვერ იქნება.