ნინო ბურჯანაძის პარტია თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს სავარაუდოდ არ დააყენებს
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში მაჟორიტარ დეპუტატებს არ წარადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პარტია მაჟორიტარი დეპუტატების წარადგენას რეგიონებში გეგმავს.
პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ ის აქტიურად იქნება ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ერთიანი სიის საკითხს, საქართველოს პირველ არხს პრესამსახურში განუცხადეს, რომ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ ამ საკითხს არ ემხრობა და პარტია არჩევნებზე საკუთარ პარტიულ სიას წარადგენს, რომლის პირველი ნომერიც პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იქნება.