ნინო ბურჯანაძემ პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და საპარლამენტო სიის ოცეული წარადგინა
პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და საპარლამენტო სიის ოცეული წარადგინა.
სიის პირველი ნომერი თავად ნინო ბურჯანაძეა. ოცეულში ასევე არიან: გრიგოლ ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესიკ დანელია, თამარ ზურაბიშვილი, მამუკა აჩბა, ბექა პეტრიაშვილი, მაია ხრიკაძე, ივანე მაჭარაშვილი, დავით ეხვაია, ქეთევან ზაქარეიშვილი, აკაკი კიკვაძე, დავით წერეთელი, მაია პაჭკორია, ნიკა პეტრიაშვილი, ალექსი ჩხიკვაძე, ელენე იაშვილი, ხვიჩა გამარჯობაძე, მარინა მესხიშვილი.
ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნული ადამიანების შერჩევის კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება.
„მთავარი კრიტერიუმი ამ ადამიანების არჩევის არის კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი. ამავდროულად, ბუნებრივია, თქვენ იცით, რომ ეს არის პარტია, რომელსაც აქვს საკმაოდ სერიოზული ისტორია, წარსული. 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მართლა ძალიან ბევრ რამეს გავუძელით და აბსოლუტური უმეტესობა აქ არიან ის ადამიანები, ვინც პარტიას მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდით ედგნენ. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები თავიანთ თავს საქართველოს პარლამენტში ძალიან კარგად გამოაჩენენ, როგორც პროფესიონალიზმით, ასევე კულტურით, არავის ლანძღვა-გინებასა და ცინიკურ ლაპარაკს არ დაუწყებენ, რადგან მათ ექნება საკმარისი არგუმენტი, რომ საქმეზე ილაპარაკონ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
პარტიის ლიდერმა წარდგენისას პროგრამულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ნინო ბურჯანაძემ ასევე ქვეყნის ძირითად გამოწვევებზეც ისაუბრა, მათ შორის, მცოცავ ოკუპაციაზე, კორონავირუსზე, ეკონომიკაზე.