ნინო ბურჯანაძე - ვიბრძოლებთ შეუპოვრად, რომ ეს ადამიანები გამოვყაროთ კაბინეტებიდან
ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად შეუპოვრად, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად, კონსტიტუციური მეთოდებით, მაგრამ გამოვყაროთ ამ კაბინეტებიდან, არჩევნების შედეგად, მაგრამ გამოვყაროთ და აუცილებლად გამოვყრით, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას უნდა საქართველოს დაჩოქება, მათ ეროვნული ინტერესების არაფერი არ გაუკეთებიათ რვა წლის მანძილზე და ამ ხელისუფლებას არ აქვს, განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ, მორალური უფლება, რომ ქვეყანაში მმართველად დარჩეს.
„ჩვენი სრული სოლიდარობა ნიკა მელიას. დღეს საქართველოს ხვალინდელი დღე დამოკიდებულია თქვენნაირ ადამიანებზე. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მოსახლეობა შეეგუოს ღირსების შელახვას, შეეგუოს იმას, რომ ქვეყანა მართოს ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის სასაცილო და კომიკურმა დიქტატურამ, ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. ჩემი ძალიან დიდი გამოცდილების მიუხედავად, ყველანაირი ლოგიკით გამოვრიცხავდი დღეს, 23 თებერვალს იმ შტურმს, რომელიც განხორციელდა. აბსოლუტურად გამოვრიცხავდი, რომ გაბედავდა ეს ხელისუფლება 23 ან 25 თებერვალს დაესხმებოდა თავს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი იმაზე ცინიკურები არიან, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, ვიდრე მე წარმომედგინა, რომელსაც არ მაქვს ნამდვილად კარგი წარმოდგენა ამ ხელისუფლებაზე. ზუსტად ვიცი, რომ ახლა ყველანი ვიბრძვით, რათა ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა არ გვითხრან შემდეგ, შეგვეშინდა ერთი მდიდარი კაცის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ შეგვეშინდა ჩვენი ღირსებისათვის გვებრძოლა.
მინდა, მოვუწოდო ყველა ადამიანს და მე მაქვს ამის მორალური უფლება, ვინც ცხვირს წევს მაღლა, ამის გვერდით არ დავდგები, იმის გვერდით არ დავდგები, ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს, დღეს სიმართლის გვერდით უნდა დადგე“, – განახცადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ვინც სიმართლისთვის იბრძვის ხვალინდელი საქართველოს, დამოუკიდებელი საქართველოს წინაშე, იქნება პირნათელი.
„მინდა, ვკითხო ჩვენს ხელისუფლებას, დღესაც ევროპაზე აკეთებდნენ განაცხადებს, რომელ ევროპაზე ლაპარაკობთ ხალხო, 23 თებერვალს ოპოზიციური ოფისის დამრბევი ხელისუფლება რომელ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ ოპოზიციური ოფისი დარბეული და ერთი რაც მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც არიან ამ შენობაში ან თუნდაც გვერდით შენობაში, პარლამენტში. აქ ბევრი ადამიანია, ვინც ამ შენობაშიც ვყოფილვართ სხვადასხვა კაბინეტშიც ვყოფილვართ და პარლამენტშიც, არაფერი მუდმივი არ არის, ყველაფერი უნდა გააკეთო, რათა ღირსეულად ჩამოხვიდე ამ კაბინეტებიდან და იმ სართულებიდან, სადაც ხარ. ამას ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს.
ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად შეუპოვრად, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად, კონსტიტუციური მეთოდებით, მაგრამ გამოვყაროთ ამ კაბინეტებიდან, არჩევნების შედეგად, მაგრამ გამოვყაროთ და აუცილებლად გამოვყრით. ამ ხელისუფლებას უნდა საქართველოს დაჩოქება, ამ ხელისუფლებას არაფერი ეროვნული ინტერესების არ გაუკეთებია რვა წლის მანძილზე და ამ ხელისუფლებას არ აქვს, განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ, მორალური უფლება, რომ ამ ქვეყანაში მმართველად დარჩეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ნიკა მელია ღირსეულად იქნება და მალე თანამებრძოლების გვერდით იქნება.
„დარწმუნებული ვართ, სრულიად საქართველო დადგება ამ ბრძოლაში და ჩვენ მალე მოვიპოვებთ არჩევნებსაც, შევაწყვეტინებთ ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნას და ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, ღირსეული, არასოდეს იქნება არავის მონა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.