ნინო ბურჯანაძე - შეიძლება, საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს, ხელისუფლებას ვაფრთხილებ, არ მინდა, მოხდეს იგივე, რაც 2003-2007 წლებში
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება მიმდინარე პოლიტიკური პროცესის იგნორირებას შეეცდება, შესაძლოა, საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ წნეხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გაძლიერდება და გაგრძელდება აუცილებლად. თუ ხელისუფლება შეეცდება ამის იგნორირებას, სამწუხაროდ, შეიძლება, საქმე რევოლუციამდეც კი მივიდეს, რაც აბსოლუტურად არ მინდა. არანაირი სცენარი არ არის ოპოზიციის, ისევე, როგორც არ იყო 2003 წლის აპრილში, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი შევარდნაძე გავაფრთხილე, რომ თუ ასე გააგრძელებთ, აუცილებლად მოხდება რევოლუცია -მეთქი. სამწუხაროდ, შევარდნაძემ არ გაიგონა და მოხდა ის, რაც მოხდა“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
კითხვაზე, დღეს იგივე რეალობაა?- ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ძალიან ჰგავს. ამასთან, ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლება გააფრთხილა.
„მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას. მუდმივად არის ცინიკური წამოძახილი ხელისუფლების მხრიდან, გვემუქრებით? კი არ გემუქრებით, იმდენი ტვინი უნდა გქონდეს ელემენტარულად, რომ ქვეყნის შვილი და ორი შვილის დედა, როგორც მინიმუმ, გემუქრებოდეს რევოლუციით, რადგან არავინ არ იცის, ეს ქვეყანაში რითი დასრულდება. კი არ გემუქრებით, ხელისუფლებას ვეუბნები, გაფრთხილებთ. არ მინდა, მოხდეს იგივე, რაც 2003-ში, 2007-ში. ეს რეალურია, თუ ასე გააგრძელეს“ ,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათი თქმით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საერთოდ უარის თქმას ნიშნავს.