ნინო ბურჯანაძე - ნიკა მელიას რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ მესმის
ნიკა მელიას რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, მართლა არ მესმის, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„მის მიმართ არ არის არანაირი პრეტენზიები. შეუძლებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ცოდვებთან დაკავშირებით ბრალდებები წაუყენო ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და პირობითად, თინა ბოკუჩავას, რომელიც კენჭს არ იყრის, მაგრამ არის იმ პარტიაში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შერჩევითი სამართალი განახორციელა.
„მაგალითად, გიგი უგულავა მესამედ დაიჭირეს ერთი და იმავე დანაშაულისთვის და დაიჭირეს მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურად არ უნდა ეაქტიურა. უგულავამ იაქტიურა და ამიტომ დაიჭირეს. ეს, რა თქმა უნდა, შერჩევითი სამართალია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ამავე კონტექსტში გიორგი რურუას დაჭერას, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მის დაჭერასაც იმავე კონტექსტში განიხილავს.
„სამწუხაროდ, ასეა. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ ალაპარაკდა რურუას ნამდვილ, არსებულ თუ არარსებულ დანაშაულებზე. მე ეს არ ვიცი და უდანაშაულობის პრეზუმფციას ხომ ვერ დავარღვევ?! ჭორები გვსმენია მეც, თქვენც და საზოგადოებასაც, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ამაზე რვა წელი არ ულაპარაკია და მას შემდეგ გაახსენდა, რაც რურუამ „მთავარი არხის“ დაფინანსება დაიწყო. ეს არ არის სამართლიანობა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, „რატომ დაუტკბა რიტორიკა „ევროპულ საქართველოსთან“ მიმართებაში“, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამ პარტიასთან დაკავშირებით მისი რიტორიკა არ დამთბარა და მხოლოდ შერბილდა.
„გიგა ბოკერიამ და მისმა პარტიამ პრაქტიკულად, დააზღვია უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი და ამ პარტიის სვლა იყო სწორი, სახელმწიფოებრივი სვლა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
შეკითხვაზე, რა თვისობრივი სხვაობაა მისთვის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ისინი ერთი პარტიის ნაწილი არიან, მაგრამ მათი გზები გაიყო.
„ეს ხდება. ბოლშევიკები და მენშევიკებიც თავის დროზე, ერთი პარტიის წევრები იყვნენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
შეკითხვაზე, როგორ უნდა განასხვაოს საზოგადოებამ მისი პარტია სხვა პარტიებისგან, რომლებსაც იგივე გზავნილები აქვთ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამომრჩეველი უნდა დაუკვირდეს, ვის უფრო შეუძლია დანაპირების შესრულება.
„მგონია, ამომრჩეველს არ გაუჭირდება ბურჯანაძის და სხვების ერთმანეთისგან გარჩევა და ვისაც გაუჭირდება, ძალიან ვთხოვ, ხმას ნუ მომცემს. ასეთი გაუაზრებელი ხმა არ მინდა. ვინც გააზრებულად მიხვდება, ბურჯანაძეს უნდა მისცეს ხმა თუ ვინმე სხვას, იმ ხალხმა მომცეს ხმა და მეყოფა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.