ნინო ბურჯანაძე - მე რომ კაცი ვყოფილიყავი, სააკაშვილის ადგილზე პირადად ვცემდი გელაშვილს
მე რომ კაცი ვყოფილიყავი, სააკაშვილის ადგილზე პირადად ვცემდი გელაშვილს, რადგან არ შეიძლება ცოლ-ქმარს შუაში ჩაუხტე და პრეზიდენტის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენო, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას აღნიშნა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ვალერი გელაშვილის ცემის შემდეგ შეხვდა და პირადად უთხრა, რომ საცემი იყო, თუმცა არა სპეცრაზმით.
„გაცილებით მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სააკაშვილის მეუღლეს, ის, რაც მოხდა ვალერი გელაშვილთან დაკავშირებით. ვალერი გელაშვილის მოსანახულებლად ერთ-ერთი პირველი მე მივედი საავადმყოფოში. პასპორტი მე გავუკეთე და ჩემი აპარატის უფროსმა, გოჩა მარტინენკომ მიაცილა ტრაპამდე, რადგან ეშინოდა, შესაძლოა, ფიზიკურად გასწორებოდნენ. მერე, როდესაც მე გელაშვილს შევხვდი, მას ვუთხარი, რომ საცემი იყავი-მეთქი, ოღონდ არა სპეცრაზმით. მე რომ კაცი ვყოფილიყავი, სააკაშვილის ადგილზე პირადად ვცემდი გელაშვილს, რადგან არ შეიძლება ცოლ-ქმარს შუაში ჩაუხტე და პრეზიდენტის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენო, როგორიც მიაყენეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.