ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლების თავის ტკივილია ახლა, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან, არის მძიმე ვითარება და ამას შველა სჭირდება
ხელისუფლების თავის ტკივილია ახლა, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან, არის მძიმე ვითარება და ამას შველა სჭირდება, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორგი რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.
„ვიფიქრეთ გამოსავალზე და შევთავაზეთ ხელისუფლებას გერმანული მოდელი, რომელიც ნამდვილად შეესაბამება კონსტიტუციას. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ეს დადასტურდება ეუთო-ს და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან.
ხელისუფლებას ჩვენ წინა შეხვედრაზეც ვთხოვეთ, რომ რადგან ჩვენი შემოთავაზება არ მოსწონთ და რადგან მათი ბრალია, რომ ეს კრიზისი შეიქმნა, გვითხრან, რა გამოსავალს ხედავენ ისინი ამ კრიზისიდან.
რომ ამბობენ, კრიზისი არ არისო, ეს ერთი უბედურებაა. მეორე პრობლემა არის ის, რომ მუდმივად ელოდებიან, ოპოზიცია დაიხევს უკან და კიდევ რაღაც გამოსავლების ძიებას დაიწყებს. ხელისუფლების თავის ტკივილია ახლა, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, რადგან კრიზის არის, არის მძიმე ვითარება და ამას შველა სჭირდება“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა.