ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ ვერ შეძლო პროგნოზირება, რომ რუსი კომუნისტი დეპუტატის ჩაჯდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოსახლეობის აღშფოთებას გამოიწვევდა
ის, რაც გუშინ მოხდა, ძალინ ტრაგიკული და მძიმეა, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, ტრაგიკული ტრადიციაა, რომ ხელისუფლებამ ტრაგიკული ღამე უნდა გაატარებინოს საქართველოს მოსახლეობას. ის, რაც მოხდა გუშინ, არის ძალინ ტრაგიკული და მძიმე, ძალიან ვწუხვარ იმ დაშავებული ადამიანების გამო და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ყველაფერში ხელისუფლებაა დამნაშავე. მან თავისი სიბრიყვის გამო, ვერ შეძლო იმის პროგნოზირება, რომ ქვეყანაში, სადაც აფხაზეთის, სამაჩაბლოს და 2008 წლის ომის ტკივილი ჯერ არ არის მოშუშებული, რუსი კომუნისტი დეპუტატის ჩაჯდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რომელიც ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა, გამოიწვევდა მოსახლეობის გულწრფელ აღშფოთებას“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი შეფასებით, ამის პროგნოზირებას „დიდი პოლიტიკოსობა“ არ სჭირდება.
„ამის პროგნოზირებასა და წარმოდგენას დიდი პოლიტიკოსობა არც სჭირდება, უბრალოდ მხოლოდ საკუთარ მილიარდებზე და სკამის შენარჩუნებაზე არ უნდა ფიქრობდე. ხელისუფლებას უნდა გადაედგა რადიკალური ნაბიჯები არა ძალის გამოყენების თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური ნაბიჯები იმისთვის, რომ ვითარება არ გამწვავებულიყო“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ხალხთან სასწრაფოდ დიალოგზე უნდა წასულიყო, დიალოგი ოპოზიციასთანაც უნდა გაემართა და ხალხისა და სპეცრაზმის დაპირისპირება არ დაეშვა.
„ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს და გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. მან ქვეყანა დააყენა საფრთხისა და დესტაბილიზაციის წინაშე, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი, პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.