ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისზე თუ შტურმს მიიტანდა, ამას ათეულობით მსხვერპლი მოჰყვებოდა, პირველ რიგში, ახალგაზრდებსა და ჟურნალისტებს შორის
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმს მიიტანდა, ამას ათეულობით მსხვერპლი მოჰყვებოდა, პირველ რიგში ახალგაზრდებს და ჟურნალისტებს შორის.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „პოლიტნიუსის“ ეთერში აღნიშნა, როგორც ჩანს, გახარიას მაინც გადააყენებდნენ, ეს მან იცოდა.
„მინდა „ქართული ოცნება“ გავაფრთხილო, ახლა ნებისმიერი არაადეკვატური გადაწყვეტილება მათი მხრიდან, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით ან ოპოზიციასთან, მთავრობასთან მიმართებით, მათთვის აბსოლუტურად დამღუპველი იქნება. თავისთავად გახარიას გადადგომამ „ქართული ოცნება“ ჩამოშლისგან და აბსოლუტური გაცამტვერებისგან გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გონიერების იმედი არ მქონდა, მაინც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ადამიანებით, ჟურნალისტებით, ოპერატორებით, ოპოზიციური ლიდერებით სავსე ოფისის დარბევას მართლა სერიოზულად იხილავდნენ. აღმოჩნდა, რომ ასე იყო. გახარიას ეყო გონიერება, რომ 20 ივნისის შემდეგ კიდევ არ დაემატებინა თავისი კარიერისთვის აბსოლუტურად გამანადგურებელი ვითარება, თუმცა, გახარიას გადადგომა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. პირველი პირი იმიტომ გადადგა, რომ როგორც ჩანს, არ დაემორჩილა მისი ხელქვეითი მინისტრი იმიტომ, რომ შს მინისტრი, რომელსაც ეს ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უნდა დამორჩილებოდა. პრემიერ-მინისტრმა თავისი ვერ გაიტანა. ე.ი. ვინ იყო ზევით? ბიძინა ივანიშვილი. ჰოდა, ბიძინა ივანიშვილმა პასუხი უნდა აგოს ხალხის წინაშე, რომ ჯერ მოატყუა ხალხი მთელი 8 წლის განმავლობაში, როდესაც არც ერთი დანაპირები არ შეასრულა, მოატყუა ხალხი ამ წლის ოქტომბერში, როდესაც ჯერ თავის თავზე მიაცემინა ხმა და შემდეგ ხალხი მიატოვა, მანქურთ კობახიძეს გადააბარა ხელისუფლება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ვერ მართავდა მინისტრთა კაბინეტს
„როგორც ჩანს, გახარიას მაინც გადააყენებდნენ, ეს მან იცოდა. რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ვერ მართავდა მინისტრთა კაბინეტს. აღარ დაიმატა 20 ივნისზე კიდევ დამატებით შტურმი. ამ შტურმს მოყვებოდა ათეულობით მსხვერპლი, პირველ რიგში ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს შორის, რადგან ისინი იყვნენ პირველ სართულზე. ამ შენობაში ძირითადად მინებიანი კედლებია, აქ აპირებდნენ შტურმს?! ეს ხელისუფლება ვინმეს სჯობს?! არავის სჯობს, უარესი თუ არ არის. ასე, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისა და კოალიციური მთავრობისთვის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.