ნინო ბურჯანაძე - კარგად დააკვირდეს ირაკლი კობახიძე, რას ლაპარაკობს და გაიხსენოს, ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის ასე მოხსენიება
კარგად დააკვირდი, რას ლაპარაკობ და ისეც გაიხსენე, ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის ეგრე მოხსენიება, – ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ „თანამედროვე ბოლშევიკები, სააკაშვილები, გვარამიები, ბოკერიები, მელიები, ბურჯანაძეები, ჩხეიძეები და ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ“.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სახელმწიფოს სწორედ კობახიძეები, ღარიბაშვილები და ივანიშვილები დაანგრევენ.
„ირაკლი, ერთი კარგად დააკვირდი, რას ლაპარაკობ და ისეც გაიხსენე, ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის ეგრე მოხსენიება. შენ თუ არ გახსოვს, მამაშენს ჰკითხე. ბურჯანაძეები და მელიები ნამდვილად არაფერს დააკლებენ ამ სახელმწიფოს, ჩვენ მხოლოდ შევმატებთ. ამ სახელმწიფოს უჩვენოდ „გადასარევად“ დააკლებენ, დაანგრევენ და დააკნინებენ კობახიძეები, ღარიბაშვილები და ივანიშვილები. მეტი რა უნდა დააკლონ სახელმწიფოს, რაც დღეს გააკეთეს და ევროკავშირში მივდივართ, ხომ? დაუჯდებათ ფასი. ჩვენ ნამდვილად არაფერს დავაკლებთ ამ ქვეყანას, მხოლოდ შევმატებთ და ვიბრძოლებთ, რომ კომიკური ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის დიქტატურა არ დამყარდეს საქართველოში. ცოტა ისეთი დიქტატურა რომ იყოს, კიდევ არაუშავს, ან შეგეშინდება, ან შეეგუები. ახლა კობახიძის დიქტატურა ნამეტანი სასაცილოა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.