ნინო ბურჯანაძე - ირაკლი ღარიბაშვილი ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს, თუ გადაწყვეტს, რომ ნიკა მელია ძალისმიერი მეთოდებით დაიჭიროს
ირაკლი ღარიბაშვილი ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს, თუ გადაწყვეტს, რომ ნიკა მელია ძალისმიერი მეთოდებით დაიჭიროს და დაარბიოს ის ხალხი, ვინც ნიკა მელიას ირგვლივ არიან, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნამ ნათელი გახადა ის, რომ ქვეყანას კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს.
„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილი იყო პირველი პრემიერ-მინისტრი ამ ხელისუფლების და იქნება ბოლო პრემიერ-მინისტრი და ძალიან მალე დასრულდება მისი პრემიერ-მინისტრობა, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ ის რაიმე ძალისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე პირადად მის მიმართ ნამდვილად არანაირი აგრესია არა მაქვს, ყოველ შემთხვევაში ისეთ როგორიც შეიძლება სხვების მიმართ მქონდეს და ნამდვილად ვურჩევ იმას, რომ ნუ დაიღუპავს თავს, ახალგაზრდა კაცია. ახლა მას თუ მოუნდება რაიმე მოჩვენებითი სიმტკიცე გამოაჩინოს, ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს, თუ გადაწყვეტს, რომ ნიკა მელია ძალისმიერი მეთოდებით დაიჭიროს და დაარბიოს ის ხალხი, ვინც ნიკა მელიას ირგვლივ არიან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.