ნინო ბურჯანაძე - ძალის გამოყენება უგუნური გადაწყვეტილება იქნება
ნინო ბურჯანაძე - ძალის გამოყენება უგუნური გადაწყვეტილება იქნება

ახლა აქ სპეცრაზმის შემოყვანა ნიშნავს იმაზე უარესს, რაც 26 მაისს მოხდა, რადგან დახურულ სივრცეში საშიშროება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე თუნდაც რუსთაველზე, რომელსაც ალყა დაარტყეს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პოლიციური ძალების მობილიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ძალის გამოყენება უგუნური გადაწყვეტილება იქნება.

„იმედი მაქვს, ძალების მობილიზება გაკეთებულია ან შეშინებისთვის, ან რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. ახლა აქ სპეცრაზმის შემოყვანა ნიშნავს იმაზე უარესს, რაც 26 მაისს მოხდა, რადგან დახურულ სივრცეში საშიშროება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე თუნდაც რუსთაველზე, რომელსაც ალყა დაარტყეს. ღმერთმა ნუ ქნას, ხელისუფლებამ ასეთი სისულელე გააკეთოს, თორემ ისე ჩამოიშლებიან, თავისივე ნანგრევებში მოყვებიან, მაგრამ ყველაზე ცუდი იქნება ის, რომ ეს ქვეყანაში ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ძალის გამოყენებას რაც შეეხება, აქ გაბედვაზე არ არის საქმე, ეს იქნება უგუნური გადაწყვეტილება. გამბედაობას ჭკუაც სჭირდება და უგუნურება სხვა რამეა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის მისვლას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ბურჯანაძის თქმით, მასთან არ უსაუბრია და არც აპირებს.

„ვანო მერაბიშვილთან არ მისაუბრია და არც ვაპირებ. არც ვიცი, საერთოდ იყო თუ არა აქ, საქმის კურსში არ ვარ, ამას პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს, თუმცა მან თავისი სასჯელი მოიხადა. მე რა დამოკიდებულება მაქვს, ეს ყველამ კარგად იცით. რაც შეეხება გეგმებს, ვინ გეტყვით ახლა გეგმებს“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას საქმეზე მიმდინარე პროცესზე პრკურორებმა აღნიშნეს, რომ, მათი ინფორმაციით, არც ერთი კონკრეტული პარტიის ოფისთან პოლიცია არ არის მობილიზებული.