ნინო ბურჯანაძე - არ ვარ დარწმუნებული, რომ პოზნერის ვიზიტი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ დაფინანსდა
ამ ვითარებაში, 50-კაციანი დელეგაციით ჩამოსვლა იყო ნამდვილად შეცდომა და არცოდნა იმ რეალობის, რომელიც არის, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, იმ ადამიანებს ელემენტარული კომპეტენცია რომ ჰქონოდათ, ვისაც ეკონტაქტებოდა თავად პოზნერი ან მისი წარმომადგენელი, აუცილებლად უნდა ეთქვათ მისთვის და ერჩიათ, რომ ახლა არ იყო მისთვის საქართველოში ჩამოსვლის შესაფერისი დრო.
„რაც შეეხება ვინ იყო პასუხისმგებელი, დარწმუნებული ვარ, ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რადგან პოზნერი არ არის ჩვეულებრივი ჟურნალისტი, ის არ არის ადამიანი, რომელმაც ასე უცბად გადაწყვეტდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნას, მით უმეტეს ისეთი შემადგენლობით, რომელიც იყო და ეს არ იყო მისი პირადი მეგობრები, ეს სერიოზული დატვირთვის დელეგაცია იყო. ის ჩამოვიდოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნებოდა ხელისუფლებისგან პირდაპირი და ნათელი გარანტია უსაფრთხოების. ეს გამოჩნდა კიდეც დახვედრასა და იმ პრივილეგიებში, რომელიც მიენიჭა დელეგაციას და რომელიც არ აქვს საქართველოს მოქალაქეებს. ეს ყველაფერი მიუღებელია, მით უმეტეს იმ მძიმე ფონზე, რომელიც დღეს არის საქართველოში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, გულწრფელად საცოდავი სანახავი იყო მამუკა მდინარაძე, რომელსაც „შპარგალკაც“კი დასჭირდა, რათა თავი მოეყარა თავისი სათქმელისთვის, მაგრამ თუ „შპარგალკა“ უნდა გამოეყენებინა, შეეძლო უფრო ჭკვიანური რამ ეთქვა.
„აქ არ არის ლაპარაკი ჩვეულებრივ მოქალაქეზე და ტურისტზე, ჩვეულებრივ მოქალაქეს არავინ დაუშლიდა არც დაბადების დღის გადახდას, არც ჩამოსვლას. აქ არის ლაპარაკი ადამიანზე, რომელიც არის ძალიან სერიოზული ჟურნალისტი, რომლის პოლიტიკური განცხადებები ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და რომლის განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში მიუღებელი გახდა. მკვეთრი ზღვარია პოზნერის მსგავს ადამიანებსა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის. რაც შეეხება ჩემს ე.წ. პრორუსულობას, მდინარაძემ ჰკითხოს კობახიძეს, რატომ იდგა მამამისი, დედამისი და თავად ჩემ გვერდით, მაშინ, როდესაც მე „პაკლონნაია გარაზე“ ვიყავი, რატომ? თუ რაიმე დანაშაულს ჩავდიოდი და მაშინ ჯერ დავიწყოთ გამოკითხვით და ვკითხოთ კობახიძეს, რაში ხედავს დანაშაულს. რაც შეეხება ჩემს პოზიციებს, არ მეშინია ჩემი პოზიციების გამეორების. პოზნერისა და სხვა ასმილიონიანი აუდიტორიის წინაშე ჩატარებული გადაცემების დროს, მაქვს გაცხადებული, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო, არ შევეგუებით მის დაკარგვას. რაც შეეხება კობახიძეს, ვიდრე ჩვენ მოუვლით ივანიშვილს, ამას რაღაცა დრო დასჭირდება, მანამდე კობახიძეს თავად ივანიშვილი მოუვლის. ეს ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი პიარ-აქცია იყო და არა პოზნერის დაბადების დღე. ის რომ მარტო ჩამოსულიყო, არ დაერღვია კომენდანტის საათი, წესები, მასთან ერთად არ ყოფილიყო 40-კაციანი დელეგაცია და ეს არ ყოფილიყო მხარდაჭერა ივანიშვილის, შეიძლება ვერც ვერავის გაეგო ამის შესახებ. არ ვარ დარწმუნებული, რომ დაფინანსება ამ ვიზიტის არ იყო განხორციელებული ივანიშვილის მხრიდან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.