ნინო ბურჯანაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხარვეზები გასწორდეს
ნინო ბურჯანაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხარვეზები გასწორდეს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხარვეზები გასწორდეს.

„დოკუმენტში მნიშვნელოვანი შენიშვნებია, რომელიც ეხება ამომრჩეველთა სიას, ბიომეტრული მონაცემებით მოხდეს ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა. საუბარია კვალიფიციურობის სტატუსტზე, რადგან სრულიად უსამართლოა 2020 წლის არჩევნები, კვალიფიციური სტატუსი წაართვა პარტიებს, რომლებიც სრულიად სამართლიანად გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ამავე დროს, არის ბევრი ნორმა ამოღებული ბოლო პერიოდის განმავლობაში, გნებავთ ბლოკთან, ადგილობრივი არჩევნების შედეგად კვალიფიციური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლების ინტერესებში შედის და ნამდვილად არ აუმჯობესებს პოლიტიკურ კლიმატს, საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, გასწორდეს ის ხარვეზი, რის ჩამოყალიბებასაც ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციას ესაუბროს და ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტიის იგნორირება მოახდინოს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სურვილის გაგრძელება „შუას გაკრეფვასთან“ დაკავშირებით და მსგავსი რამ არც ერთხელ ყოფილა საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ დოკუმენტზე მუშაობს. ამ საკითხზე შეხვედრა დღეს გაიმართა. მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი 12-პუნქტიანია, მათ შორის საუბარია სამაგიდო სიების გაუქმებაზე და ბლოკების შექმნის ისევ დაშვებაზე.