ნინია კაკაბაძე - მადლობა მათ, ვინც ხმა მომცა და ამით ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, დემოკრატიისაკენ
ნინია კაკაბაძე - მადლობა მათ, ვინც ხმა მომცა და ამით ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, დემოკრატიისაკენ

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევა მისთვის მოულოდნელი იყო.

ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში მადლობას უხდის დეპუტატებს, ვინც მას ხმა მისცა.

„იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მგონია, მეჩვენება ეს ყველაფერი და აქამდე ვერ ვიჯერებ. მადლობა მათ, ვინც ხმა მომცა მე და ამით ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, დემოკრატიისაკენ.

ეს ხმა სწორედ დემოკრატიისკენ, პლურალიზმისკენ გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯია. ასევე, ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული დისკრედიტაციისკენ. მე მესმის, რომ ჩემთვის ხმის მოცემა ძალიან, ძალიან არაპოპულარული ნაბიჯია და მადლობა მათ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.

ძალიან ვაფასებ მე უკომპრომისობას და განსაკუთრებით, პოლიტიკოსებში. ცხადია, ეს მადლობა ყველაზე მეტად იმას ეკუთვნის, ვინც ჩემი კანდიდატურა დააყენა და ასევე მათ, ვინც ღიად მხარი დამიჭირა. დიდი მადლობა მედიას, რომელიც მუდმივად ინტერესდებოდა ამ თემით და ესმის თავისი პასუხისმგებლობა.

მე ვიცი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ძალიან ბევრი საქმე. ამ ყველაფერს ჩემს კოლეგებთან, თანამოაზრეებთან ერთად გავაკეთებ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. საზოგადოებრივი ტელევიზია აუცილებლად იქნება საზოგადოების და არა ერთი და ორი ადამიანის სამსახურში!!! მე ნუ მილოცავთ, ყველას ვინც ამ ქვეყანას და ამ მაუწყებელს გულშემატკივრობს, ყველას გილოცავთ. ჯიუტი ვართქო, რომ ვამბობდი არ მიჯერებდნენ!“ – წერს ნინია კაკაბაძე „ფეისბუქში“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.