ნინია კაკაბაძე - დარწმუნებული ვარ, ზაზა შათირიშვილი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომებზე დასწრებით თავს არ შეიწუხებს და ხელფასს ისე აიღებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება ზაზა შათირიშვილმა დატოვა, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ელემენტარულ საკითხებსაც ვერ უპასუხა, – ამის შესახებ ნინია კაკაბაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
როგორც ნინია კაკაბაძემ აღნიშნა, ზაზა შათირიშვილს იმდენად გარანტირებული აქვს სამეურვეო საბჭოში მოხვედრა, რომ თავი არ შეუწუხებია, ელემენტარული საკითხები მაინც შეესწავლა.
„ზაზა შათირიშვილს ძალიან მარტივ კითხვას უსვამდნენ სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით – რა არის მისთვის მთავარი, რა უნდა გააკეთოს, რამდენია ტელევიზიის ბიუჯეტი. ეს არის ძალიან ელემენტარული კითხვები, რომლებიც არა მარტო მე და თქვენ, არამედ ნებისმიერმა მოქალაქემაც კი იცის, ბატონმა ზაზა შათირიშვილმა ისინი არ იცოდა. თითქმის ვერც ერთ კითხვაზე ვერ გასცა პასუხი. მე პირდაპირ გაოგნებული ვიყავი. დარწმუნებული ვარ, მას ნახევარი საათიც არ გამოუყვია იმისათვის, რომ უბრალოდ გადაეხედა ძალიან მარტივი საკითხებისთვის, რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მაუწყებლის ფუნქციებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია, მაგრამ ვფიქრობ, ზაზა შათირიშვილმა დღეს ყველანაირი რეკორდი მოხსნა”, – აღნიშნა ნინია კაკაბაძემ.
კაკაბაძის თქმით, ზაზა შათირიშვილსაც აქვს წევრობის სურვილი და ის მისაღები კანდიდატურაა ხელისუფლებისთვისაც.
“დარწმუნებული ვარ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობა ზაზა შათირიშვილის სურვილია, რადგან სამეურვეო საბჭოს წევრებს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვთ. ეს არის ძალიან მცდარი მოსაზრება, რომ საქმე ბევრი არ გაქვს, მაგრამ დიდი ხელფასს იღებ. ზაზა შათირიშვილი ფიქრობს, რომ უმჯობესია, კიდევ უფრო დიდი დრო დაუთმოს პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიის შესწავლას და ეს ხელფასი აიღოს. დარწმუნებული ვარ, თავს არც იმაზე შეიწუხებს, რომ სხდომებს დაესწროს. ზაზა შათირიშვილი თვითონ ამბობს, რომ არის ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, ვასილ მაღლაფერიძის მეგობარი და, საერთოდ, „ქართული ოცნების“ იდეოლოგიის გამზიარებელი, მისი მიმდევარი, მეგობარი, თანამოაზრე. ამ მხრივ ის ყველასათვის მისაღები კანდიდატურაა”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.